ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) და თურქებს შორის დაახლოების დიალოგის ფონზე, პროქურთული ოპოზიციური პარტიის, ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (PDK) ორმა დეპუტატმა დეკემბრის შემდეგ საპატიმროში მეორედ მოინახულა აბდულა ოჯალანი, PKK-ს დამაარსებელი. მარმარილოს ზღვაში, კუნძულ იმრელიზე საპატიმროში სტუმრობა ოთხ საათს გაგრძელდა, განაცხადა PDK-ს წარმომადგენელმა. არსებული ცნობით, იგეგმება წერილობითი განცხადების გავრცელება.
„Middle East Institute-ის“ თურქეთის განყოფილების მკვლევრის, გიონულ თოლის თანახმად, თურქეთში მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი, 15 თებერვალს ოჯალანი თავის პარტიას საჯაროდ მოუწოდებს, დაყაროს იარაღი. ამის სანაცვლოდ მას ამნისტია შეეხება და შემუშავდება ახალი კანონი, რომელიც ქურთებს, სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარი ენის გამოყენების უფლებას მიანიჭებს. ამის თაობაზე თოლი X-ის საშუალებით წერს.
დეპუტატებთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ოჯალანმა განაცხადა, თურქებსა და ქურთებს შორის დაახლოება „ისტორიული პასუხისმგებლობაა“.
აბდულა ოჯალანი, თურქეთში აკრძალული პარტიის დამაარსებელი, 1999 წელს შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. 2004 წელს სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმების შედეგად, ის სამუდამო პატიმრობას იხდის.
PKK 1984 წლიდან იბრძვის თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ანკარის, ასევე მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული.
თურქეთში ქურთთა ამბოხებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში მცხოვრები ქურთების რაოდენობა 15 მილიონამდეა.
ასევე ნახეთ განიარაღების მოწოდებით გამოდის თურქეთში დაპატიმრებული ქურთთა ლიდერი