პლატფორმა გადაწყვეტილების მიმღებთ მოუწოდებს, გაათავისუფლონ ჟურნალისტი და მოუხსნან წაყენებული ბრალდება.
პლატფორმაზე ამ დროისთვის მითითებული ინფორმაციით, 2025 წელს პლატფორმაზე გამოცემულია „ოთხი საგანგაშო სიგნალი“ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.
ამ ოთხი შემთხვევიდან ერთი ეხება უკრაინას, „კონფიდენციალური ინფორმაციის“ საჯარო ბაზებიდან გასაჯაროვების აკრძალვასთან დაკავშირებით, ხოლო სამი - საქართველოს.
მათ შორისაა მზია ამაღლობელის, ასევე, „ბათუმელების“ ოპერატორის 8-დღიანი დაკავებისა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ბათუმში თავდასხმის შემთხვევები.
„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ არის საერთო პროექტი, რომელსაც ამუშავებს ევროსაბჭო და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელი, - რომელსაც აკომპლექტებენ „ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია“ (efj), „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ (IFJ), „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ), „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) და სხვები.
პლატფორმაზე მითითებულია განახლებული ცნობები მზია ამაღლობელის შესახებ - მათ შორის, მის მიერ შიმშილობის გამოცხადების, მისდამი არასათანადო მოპყრობის, დაკავებისას მისი უფლებების დარღვევისა და დაკავების კანონიერების შესახებ.
საქართველოში მისი მხარდამჭერი დემონსტრაციები გრძელდება.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, - მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.
21 იანვარსვე, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა X-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.
მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის დანიშნული.
ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით - რომელსაც სინდისის პატიმრად მიიჩნევენ, - აქციები ყოველდღე იმართება. 22 იანვარს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან მორიგი აქცია გაიმართა.
მის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა. სწორედ მისი წიგნით მივიდა მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ - ასე ჰქვია მარია რესას წიგნს.
ასევე ნახეთ გთხოვთ შეაჩერო შიმშილობა - მიმართავენ კოლეგები ამაღლობელს. მხარდამჭერი აქციები გრძელდება- გურამ მურვანიძე - „ბათუმელების“ რეპორტიორი და ოპერატორი - ბათუმში ადმინისტრაციული წესით 11-12 იანვრის საღამოს დააკავეს და 14 იანვარს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. მან 20 იანვარს დატოვა საპატიმრო.
- 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს.