„ორივე [მათგანი] თბილისშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 22 იანვარს პარლამენტში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის დაჯარიმებაზე.
„პატიმრობაში ასე, ოფიციალურად, ფორმალურად არასდროს ყოფილან“, - თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“.
ასევე ნახეთ აბუ-დაბიში ნაცემი გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა გამოკითხულებსაც - წყარომდინარაძეს არ დაუზუსტებია, ზარქუასა და სანიკიძის გარდა, დააჯარიმეს თუ არა „ქართული ოცნების“ იქ მყოფი სხვა წარმომადგენლები ან მათი თანმხლები პირები.
მდინარაძის თქმითვე, დეპუტატები ჯერ იყვნენ „აბუ-დაბის პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ იყვნენ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და ორივენი თბილისში არიან“.
„დღე-ნახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში“, - თქვა მდინარაძემ.
„დასრულდა სამართალწარმოება და ჯარიმები იყო. ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა“, - განაცხადა მან.
„მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაციით, ზარქუასა და სანიკიძეს დაეკისრათ 80 000 დოლარი, რაც მამუკა მდინარაძემ უარყო, თუმცა თავად თანხა არ დაუსახელებია. თქვა, რომ „აღარ მახსოვს“, მაგრამ „იმხელა თანხა, იმხელა რიცხვი, რაც დაიწერა, არ ყოფილა“.
ასევე დააზუსტა, რომ „ისინი სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა დამნაშავეები და კრიმინალები“.
რაც შეეხება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, - რომელსაც ზარქუა და სანიკიძე სასტუმროში თავს დაესხნენ, - მდინარაძემ განაცხადა:
„ჩვენება მისცა, რა თქმა უნდა, დააჭერინა კიდეც [ესენი] პირველ ეტაპზე, - რაც, მისი აზრით, იყო დაჭერა და შემდეგ არ აღმოჩნდა. შემდეგ გათავისუფლდა პატიმრობიდან, - ასე თქვა, რათა ამათთვისაც პატიმრობა ეწოდებინა, ამათი მდგომარეობისთვისაც, დღე-ნახევრიან პროცედურებში მონაწილეობისათვის. რაღაც ასეთი არეული, გაურკვეველი სიტუაცია იყო, რომ არ დაგიმალოთ. დასრულდა სამართალწარმოება“.
ლაშა გაბიტაშვილმა 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლება აბუ-დაბიში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიციიდან ის 16 იანვარს გამოუშვეს.
ასევე ნახეთ საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური, დამოუკიდებელი - ლაშა გაბიტაშვილიპარალელურად, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, პოლიციიდან გამოუშვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა. წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოუშვეს სასამართლო სხდომამდე.
უცნობია, როდის გაიმართა სასამართლო სხდომა. რადიო თავისუფლებას 22 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა, რომ ის სასამართლოს არ ესწრებოდა.
მდინარაძემ გაბიტაშვილთან დაკავშირებით ასევე განაცხადა: „მისი ჩვენება იყო... მაგრამ, თუ არ ვცდები, მასაც საფრთხე ემუქრებოდა და თქვეს, რომ განსაკუთრებული ურთიერთპრეტენზიები არ აქვთ. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ გაბიტაშვილს თავად ურთულდებოდა მდგომარეობა, რადგან პროცესი შეიძლება გაწელილიყო და მოუწევდათ ყოფნა ქვეყანაში“.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას ლაშა გაბიტაშვილთან, მის მეუღლესთან და მეგობართან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
17 იანვარს გაბიტაშვილი, - ცოლის ფეისბუკის გამოყენებით, - წერდა: „მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის“.
მისი თქმითვე, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო „სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი“.
„მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს, - დაწერა მან, - მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება“.
ინციდენტში, რომელიც 13 იანვარს მოხდა, ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე - მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაულიც, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. კადრში ჩანს, რომ თავდასხმისას გვერდით მაგიდაზე საუზმობს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.
ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს.