მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმის განხილვა 10 თებერვალს გაგრძელდება. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ანა ტყებუჩავას სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილებოდა მსახიობის მიერ 9 იანვარს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ხელოვნურად გადაკეტვის საკითხი.
“თქვენ არ გვეუბნებით, რამდენი ადამიანი უნდა იყოს, რომ გზა ბუნებრივად გადაკეტილად ჩაითვალოს. არ გვეუბნებით, როგორ უნდა დავაიდენტიფიციროთ ეს. კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი. ანა იყო კაფეში, გამოვიდა და გადავიდა გადაკეტილ რუსთაველზე. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი? არავინ არაფერს არ მოუწოდებს, არავის გზის გახსნის მცდელობა არ ჰქონია. თქვენ ამბობთ, რომ სანამ 100 000 ადამიანი არ გამოვა, მანამდე ვერ უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს? - უთხრა შსს-ს წარმომადგენელს ადვოკატმა თეო ზაქარაშვილმა.
ადვოკატისთვის ასევე გაუგებარი იყო, რატომ არის საქმე აღძრული 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით და არა, მაგალითად, პირველი ნაწილით. ის ვარაუდობს, რომ მეოთხე ნაწილი სწორედ მაღალი ადმინისტრაციული სახდელის მიზეზით გამოიყენეს - 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი 500-ლარიან სახდელს ითვალისწინებს, ხოლო მეოთხე - 5000-ლარიანს. ადვოკატის ამ კითხვაზე შსს-ს წარმომადგენელმა ზუსტი პასუხი ვერ გასცა.
წარმომადგენელი ასევე ვერ უპასუხებდა კითხვას, თუ რატომ არ აღადგინეს სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობა. ადვოკატი უთითებდა, რომ, კანონის მიხედვით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის დროს თბილისის მერიის ან შემდგომში მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ საავტომობილო მოძრაობის აღდგენა.
“თქვენ მიხსნით, რომ დაგველოდებით ყველას, სანამ ბუნებრივად არ იქნება საკმარისი რაოდენობა, გზას არ გახსნით და შემდეგ კამერებიდან ამოგვიცნობთ? - ჰკითხა თეო ზაქარაშვილმა შსს-ს წარმომადგენელს.
წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ ანა ტყებუჩავა სწორედ კამერებიდან ამოიცნეს - ანუ ვიდეოკამერების ჩანაწერები არა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, არამედ სამართალდარღვევის ფაქტის დასადგენად გამოიყენეს. თეო ზაქარაშვილი ამას ტყებუჩავას მიმართ დისკრიმინაციულად აფასებს და ამბობს, რომ ანა სწორედ მისი ცნობადობის მიზეზით გამოარჩია შსს-მ.
“ჩვენ ყველანი გამოვედით და ვაპროტესტებდით ამ ქვეყნის ევროპული მომავლისგან გადახვევას. მსახიობის ფასი არაფერი იქნება, თუ ჩემთვის სულერთი იქნება, რომ კანონი არ კანონობდეს. მე არ ვიქნები მართალი, თუკი არ ვისაუბრებ უსამართლობაზე და თუკი არ დავიჯერებ, რომ სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ეს არის ჩემი, როგორც მსახიობის, დანიშნულება, რომ სხვას მივცე იმედი. მე ვთამაშობდი უკანონოდ დაკავებულის დედას. როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს, თუ მე ამ ხალხის პრობლემებს არ გავიზიარებ?!” - თქვა სასამართლოს სხდომაზე ანა ტყებუჩავამ.
საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ენუქიძე 10 თებერვალს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
პოლიციამ 28 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის წესით 45, ადმინისტრაციულით კი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავა.