ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ „საქართველოს ჯაშუშს“ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ გაგრაში დააკავეს კახა მურადოვი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „სახელმწიფო ღალატსა“ და იარაღის უკანონოდ ფლობაში დამნაშავედ ცნო „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებული კახა მურადოვი და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, „განაჩენი“ 2025 წლის 21 იანვარს გამოცხადდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ცნობით, მურადოვმა არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლოში ბრალი არ აღიარა.

საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს მიერ კახა მურადოვისთვის გამოტანილ „განაჩენზე" კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ დააკავეს საქართველოს „ჯაშუში"
ასევე ნახეთ "გადავიღე და გავუგზავნე" - სოხუმი "საქართველოს ჯაშუშის" დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა 2024 წლის 14 მაისს განაცხადა, რომ 24 აპრილს გაგრაში დააკავეს „საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“.

ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებთა ჩართვას ფარულ საქმიანობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისთვის. ნათქვამი იყო ისიც, რომ კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის „მხედრიონის“ ყოფილ მეთაურებთან.

ასევე ნახეთ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულ თაკალანძეს ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა