რუხაძე: აშშ ვერ დამასანქცირებს, სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს

ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, "ვერ დაასანქცირებს". რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იგი ასე გამოეხმაურა წერილს, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან მიმდინარე თვის დასაწყისში გაუგზავნეს. წერილი რადიო თავისუფლებას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

"რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება. შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ მგონია... მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში, არ მახარებს იმიტომ, რომ მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს... უზარმაზარი ბიზნესი მაქვს აწყობილი უკრაინაში, ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდგენელი ტრაგედია იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში", - ამბობს ირაკლი რუხაძე და ამტკიცებს, რომ "აშშ თავის მოქალაქეს არ ასანქცირებს". რუხაძე ირწმუნება, რომ სიაში, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს, ჩაწერეს იმ ბიზნესმენთა სახელები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის "უზარმაზარ ნაწილს" აკონტროლებენ.

"მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება... შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა - ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. იქ [წერილში] შეყარეს დიდი სია ხალხის, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებთ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს. ეს გაიზრდება იმიტომ, რომ მიდის მცდელობა, რომ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის, ხალხი მთავრობას არ ცვლის", - ამბობს იგი.

რადიო თავისუფლებამ ირაკლი რუხაძეს ასევე ჰკითხა ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული კიდევ ერთი წერილის შესახებ, რომელიც ეხება უშუალოდ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს. მეორე წერილი 15 იანვრით თარიღდება და შეერთებული შტატების მომავალ გენერალურ პროკურორთან, პამელა [პემ] ბონდთან არის გაგზავნილი იმ დღეს, როდესაც კონგრესში მისი მოსმენა გაიმართა.

"წერილში, რომელიც ჩვენ გვაქვს ნანახი, პამელა ბონდს სთხოვენ, რომ შეისწავლონ თქვენი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც "თაღლითურად" არის მოხსენიებული. აქვე ნათქვამია, რომ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე და ამის გათვალისწინებით, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ შეერთებული შტატების ხაზინის მიერ დასანქცირებულ პირებთან ურთიერთობაში. იცოდით, რომ ასეთი წერილი არსებობდა?" - ჰკითხა რუხაძეს ჟურნალისტმა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცის, მაგრამ "დარწმუნებულია" და "იცის" ვინ დაწერა, რადგან იგი "დაემუქრა".

"სახელს და გვარს არ დავასახელებ, რადგან 100%-ით ვერ გეტყვით. დამემუქრა, ორი დღით ადრე ვკამათობდით ამ თემაზე და მივწერო ვიღაცას... მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრი შეიძლება მქონდეს... შენო ამერიკის მოქალაქე ხარო... ისიც ამერიკის მოქალაქეა და შენო შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარო. მეო მივწერო წერილს პროკურორსო. ახლა არ ვიცი, იმან მიწერა თუ არა", - ამბობს რუხაძე.

ჟურნალისტმა ირაკლი რუხაძეს ასევე ჰკითხა, რომ იმავე წერილში საუბარია ტელეკომპანია "იმედზეც":

"["ტვ იმედი"] რეგულარულად გადასცემს [ბიძინა] ივანიშვილის პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელი თემებით და ადანაშაულებს აშშ-ს მთელი მსოფლიოს პრობლემებში. ასახავს ეს "იმედის" საქმიანობას?" "რა თქმა უნდა, არ ასახავს, მე ძალიან მიყვარს ამერიკა. უბრალოდ, მე სულ ვიძახი, რომ ამერიკა საქართველოში იცავს ამერიკის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს", - ამბობს რუხაძე.

მისივე სიტყვებით, ეს წერილი მას" საერთოდ არ ადარდებს".

"რას მიზამენ? მიჩივლებენ სასამართლოში? მიჩივლონ. მე მადარდებს, როდესაც უსასამართლოდ... სანქცია რატომ არის წარმოუდგენლად უსამართლო ინსტრუმენტი? იმიტომ, რომ ინგლისმა რომ დამასანქციროს ან ევროპამ, მე სასამართლოს უფლება არ მაქვს", - ამბობს ის.

ასევე ნახეთ ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, „რიჟა“, სხვა ბიზნესმენები - ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

9 იანვარს რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა წერილი, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, სხვებთან ერთად ასევე არიან „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან":

  • ირაკლი რუხაძე - „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე);
  • სოსო ფხაკაძე - „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი;
  • ხვიჩა მაქაცარია - „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
  • ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) აღმასრულებელი დირექტორი;
  • ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი;
  • სულხან პაპაშვილი;
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს;
  • ილია წულაია - „არქის“ დამფუძნებელი;
  • ნოშრევან ნამორაძე - „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე - „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი.