“არ არის უსაფრთხო", - სტიკერები ამ წარწერით ბათუმის სასტუმრო შერატონის ფოიეში გააკრეს აქტივისტებმა და პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა.
მათ "შერატონის" მენეჯმენტს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს სასტუმროს სათვალთვალო კამერების 14 იანვრის იმ ჩანაწერების გადაცემა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტზე, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კოორდინატორ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა. ადგილზე მივიდა პოლიცია.
პარტიის, "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის წევრი გოჩა მელაძე ამბობს, რომ შვიდი დღე გავიდა ინციდენტიდან და ამ დრომდე, მოთხოვნის მიუხედავად, სასტუმრო „შერატონის“ მენეჯმენტი სათვალთვალო კამერების ჩანაწერს დაზარალებულ მხარეს არ აწვდის.
"ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ეს სასტუმრო არ არის უსაფრთხო. აქ თავს ესხმიან ადამიანებს. აქ იყო ვერაგული თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ძალიან მძიმე დანაშაულს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვედით და მოვუწოდეთ, რომ კადრების თაობაზე ოფიციალური წერილით მივმართეთ. პასუხი მაინც გაგვცენ და კადრები გადმოგვცენ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა მოხდა 14 იანვარს "შერატონში". ჩვენ კანონიერი უფლების რეალიზებას ვითხოვთ", - ამბობს გოჩა მელაძე.
ბათუმელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების აქცია კადრების გასაჯაროების მოთხოვნით "შერატონთან" 15 იანვარსაც გაიმართა. სასტუმროს მენეჯერმა მეგი ჟღენტმა მაშინ თქვა, რომ სამეთვალყურეო კამერების სრულ ჩანაწერებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცემენ შესაბამის უწყებებს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, "არაფერი წაშლილი არ არის" და ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
ასევე ნახეთ გახარია მარტო იყო, თავს დაესხა 10 ადამიანი - ბერდია სიჭინავა14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.