უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას მხარი დაუჭირა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილს, რომ ნატოს ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ზელენსკის თქმით, თუ სათანადო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% თავდაცვაზე დაიხარჯოს, "დაე, ეს იყოს 5%" და არ არის სპეკულირება საჭირო იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მედიცინის ან პენსიების ხარჯზე".
ზელენსკის მიაჩნია, რომ ევროკავშირი, თავისი სუბიექტობის შესანარჩუნებლად, უნდა გახდეს "ძლიერი გლობალური მოთამაშე" როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკის სფეროში. უკრაინას, ზელენსკის თქმით, ამაში ევროკავშირის დახმარება შეუძლია.
ამავე დროს, ზელენსკიმ გააკრიტიკა ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, განსაკუთრებით სლოვაკეთი იმის გამო, რომ მათ სურთ გააგრძელონ გაზის შეძენა რუსეთიდან და არა, მაგალითად, მათი მოკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან.
ტრამპის სურვილზე, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი და არა სწრაფი მშვიდობა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის მზად, მიიღოს რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების უარყოფა ან არმიის ხუთჯერ შემცირება. ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის პოლიტიკა ომის დასრულებას წელსვე შეუწყობს ხელს.
უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი "ანგრევს რუსეთს" იმით, რომ არ ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.
"ვფიქრობ, რუსეთს დიდი პრობლემები ექნება. ადამიანების უმეტესობას ეგონა, რომ ეს ომი ერთ კვირაში დასრულდებოდა. ვფიქრობ, მისთვის [პუტინისთვის] ძალიან კარგი იქნება ამ ომის დასრულება", - განაცხადა ტრამპმა 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა მილიონი რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი. ეს მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე სხვა შეფასებები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.