ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, მიუხედავად აშშ-ში პოლიტიკური ცვლილებებისა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
"უკრაინას თითქმის 130 მილიარდი ევროთი უკვე დავუჭირეთ მხარი. და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყოველგვარი ეჭვის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩეს და სწორედ უკრაინა იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ტერიტორიის შესახებ", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი ეს განცხადება გაკეთდა აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის დაბრუნების ფონზე. ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოაცხადა საერთაშორისო დახმარების შემცირების გადაწყვეტილების თაობაზე.
ასევე ნახეთ აშშ ტოვებს WHO-ს და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო შევიდა "სასტიკი გეოსტრატეგიული კონკურენციის ახალ ეპოქაში", რომელშიც წამყვანი ეკონომიკა კონკურენციას უწევს ნედლეულის, ახალი ტექნოლოგიებისა და გლობალური სავაჭრო გზების ხელმისაწვდომობას – ხელოვნური ინტელექტიდან სუფთა ტექნოლოგიებამდე, კვანტური კომპიუტერიდან -კოსმოსამდე.
ახალ პირობებთან ადაპტაციის მიზნით, ევროკომისია მომავალ კვირას წარადგენს "კონკურენტუნარიანობის საგზაო რუკას", რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის მუშაობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ასევე ნახეთ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან 2025 წელს