"დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ცენტრი უქმდება" - საჯარო სექტორში დასაქმებულები გათავისუფლებას მოელიან

საჯარო მოსამსახურეები სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა, მარიამ ჩაჩუა

რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, სალომე ნატროშვილს, მარიამ ჩაჩუას და ნინი ლეჟავას, სხვა კოლეგების თანდასწრებით გამოუცხადეს, რომ ცენტრი უქმდება, რაც ნიშნავს მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას.

ცენტრის სამმა მოქმედმა თანამშრომელმა, სალომე ნატროშვილმა, მარიამ ჩაჩუამ და ნინი ლეჟავამ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა, ღიად ილაპარაკეს საჯარო სექტორის თანამშრომლების პეტიციის გავრცელებისა და მასზე ხელმოწერის შემდგომ სამსახურში შექმნილ სირთულეებსა და მტრულ გარემოზე; საჯარო მოხელეების პროტესტზე; ღიად გააკრიტიკეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

Your browser doesn’t support HTML5

„ახლა დუმილი დანაშაულია“ - მოქმედი საჯარო მოხელეები ლაპარაკობენ

დღეს კი, ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები სხვა თანამშრომლებთან ერთად შეკრიბეს და პასუხი მოსთხოვეს მათ მიერ ნახსენებ „მტრულ გარემოსთან დაკავშირებით“.

მათი გადმოცემით, საუბრის მანერა იყო არაკონსტრუქციული, შეურაცხმყოფელი და დამამუნათებელი:

„შინაარსი კი შეიცავდა მითითებებს იმის შესახებ, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს საზოგადოება და რომ კანონი, რომელიც რეალურად რეპრესიის მექანიზმია და ანტიკონსტიტუციურია თავისი შინაარსით, არ მიღებულა ვინმესთვის საპასუხოდ. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ჩვენ თვითგანადგურებას ვეწევით. საბოლოოდ კი, მის მიერ გაცხადდა, რომ ცენტრის ლიკვიდაცია მოხდება, რაშიც დამნაშავეები ჩვენ, ხუთი ადამიანი ვართ“.

სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სისტემა მათ დაშინებას ცდილობს სამსახურიდან გაგდებით და იყენებს „კარგად აპრობირებული მეთოდს, რომელიც გულისხმობს სხვა თანამშრომლებისთვის (ცენტრში სულ დაახლოებით 20 თანამშრომელია) სამსახურის გარეშე დატოვების საფრთხის შექმნას ისე, რომ ეს მათ დაჰბრალდეთ.

„სწორედ ეს არის მარგინალიზაცია, ჩვენი მოსაზრებით და ჩვენგან "მტრის ხატის" შექმნის მცდელობა“, - გვწერენ ისინი.

ასევე ნახეთ მორჩილი საჯარო სექტორი? - გათავისუფლება ერთი წინადადებით

სამი მოქმედი საჯარო მოხელე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ როცა საქართველომ, მათი აზრით, ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია, მათი მხრიდან დუმილი დანაშაულის ტოლფასი იყო.

ამავე ინტერვიუში ისინი ჰყვებიან, რომ ძალადობის გაპროტესტების, ასევე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებისგან გამიჯვნისა და შეცვლილი კანონის კრიტიკის შემდეგ, მათ მიმართ დამოკიდებულება სამსახურში მკვეთრად შეიცვალა - მეგობრულიდან მტრულისკენ.

სალომე, მარიამი და ნინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მათი უვადო ხელშეკრულებების ვადიანი ხელშეკრულებებით შეცვლამ და კანონში კიდევ არაერთმა სხვა ცვლილებამ, საჯარო მოხელეებს ხელიდან გამოაცალა სტაბილურობის გარანტია და გააჩინა მუდმივი დაუცველობის შეგრძნება, რომ მათ ნებისმიერ დროს გაათავისუფლებენ - როცა ამას უფროსი მოინდომებს. ისინი ლაპარაკობდნენ ყველაფერზე, რაც საჯარო მოხელეებს უკვე შეეხოთ, რაც მათ მომავალში ემუქრებათ და რაც საქართველოს საჯარო სამსახურს მრავალი წლით უკან დააბრუნებს.

იანვრის დასაწყისიდან დღემდე, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით, საჯარო სამსახურიდან არაერთი მოხელე გაათავისუფლეს. მათი ნაწილი სასამართლოში ბრძოლას აპირებს და აცხადებს, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი ღია პროტესტის, დეკემბრის აქციების ძალადობრივი დაშლის გაპროტესტება და საპროტესტო პეტიციებზე ხელმოწერა გახდა.

ასევე ნახეთ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, არაერთი საჯარო მოსამსახურე, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე თბილისის მერიის თანამშრომლები გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ ასევე დაგმეს ის ძალადობრივი ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დემონსტრაციების დაშლისას.

ამ განცხადებებისა და წერილების შემდეგ მალევე განაცხადა, მაგალითად, დედაქალაქის მერმა, რომ მერიაში დაგეგმილი იყო რეორგანიზაცია და „იგეგმებოდა ბევრი ცვლილება“. მერიის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც საჯარო წერილს მოაწერეს ხელი, მაშინვე განაცხადეს, რომ ეს იყო დაშინება, მუქარა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები.

სახალხო დამცველის შეფასებით, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს „აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს“.

ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ

რადიო თავისუფლებამ საქართველოს პარლამენტის პრესცენტრშიც სცადა ამ ინფორმაციის გადამოწმება, იმის გარკვევა, ნამდვილად უქმდება თუ არა პარლამენტის კვლევითი ცენტრი? როდის? დაკარგავენ თუ არა იქ დასაქმებული ადამიანები სამსახურს და რა არის ლიკვიდაციის მიზეზი?

პარლამენტში ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ გამათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან - ინტერვიუ პრობაციის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ნინო ტყეშელაშვილთან