ქუთაისის სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი

მზია ამაღლობელი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი.

როგორც მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მათ ჯერ არ მიუღიათ და, სავარაუდოდ, ხვალ ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.

21 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ის იმედოვნებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებდა მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

ასევე ნახეთ პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად

21 იანვარსვე მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.

ამაღლობელის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა, - რომლის წიგნითაც მივიდა ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ - ასე ჰქვია მის წიგნს.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ციხეში შიმშილობა გამოაცხადა პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რევაზ (რეზო) კიკნაძემ.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში - სალომე ზურაბიშვილი