პირველი ცნობები, რომ აფეთქებები უკრაინული დრონებით შეტევამ გამოიწვია, 20 იანვარს, გვიან ღამით გაავრცელეს სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა.
მოგვიანებით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლისკის რაიონში გაანადგურეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და ერთ-ერთის ნამსხვრევებმა ახალი ხანძარი გამოიწვია ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 21 იანვარს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ლისკის ნავთობის საცავზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 16 იანვარსაც. დარტყმის შედეგად ნავთობის ბაზაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა 20 იანვარსაც გრძელდებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ 16 იანვარს განაცხადა, რომ ლისკის ნავთობის ბაზას დრონებით დაარტყეს წინასწარ კარგად მომზადებული გეგმით.
ასევე ნახეთ დრონებით შეტევის შედეგად ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნავთობის საცავშივორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებსა და სამხედრო ობიექტებს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.