შსს ბრალდებულებს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის დარღვევას. პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეორე კი - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას.
რატი ტყემალაძის ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ ორჯერ დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, მანუჩარ ცაცუას მიკერძოებულობის მიზეზით.
“მიკერძოებულობა მოსამართლის მიმართ შეურაცხყოფაა. შეიკავეთ თავი შეურაცხყოფისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ იქნება გამოყენებული შესაბამისი ზომები!” - მიმართა მოსამართლემ ადვოკატს.
“მოქალაქემ როგორ უნდა დააიდენტიფიციროს [პოლიციელი], როცა არც მანქანა არის ამოცნობადი და პოლიციასაც შესაბამისი არაფერი აცვია?” - ჰკითხა მარიამ მაღრაძემ შს სამინისტროს წარმომადგენელს.
ადვოკატების თქმით, დაკავების მომენტში პოლიციელებს არ ჰქონიათ საიდენტიფიკაციო ნიშნები - ეს ინფორმაცია თავად პროცესზე გამოცხადებულმა პოლიციელებმაც დაადასტურეს. ტყემალაძის და კვარაცხელიას თქმით, მათ ეს პოლიციელები ე.წ. ტიტუშკები ეგონათ, რადგან მათ მათთვის თავი არ წარუდგენიათ.
“არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ პოლიციელები იყვნენ. როდესაც უკან მოვიხედეთ, დავინახეთ, რომ ვიღაც პირები მოგვდევდნენ. ამ მომენტში ნებისმიერი ადამიანი გაიქცეოდა და ჩვენც ვცადეთ გაქცევა. სანამ ძალადობრივად არ მოვიდნენ, არ განუმარტავთ, რომ პოლიციელები იყვნენ”, - ეუბნება ოთარ კვარაცხელია რადიო თავისუფლებას.
მოსამართლემ სიტყვა “ტიტუშკის” ხსენებაზე მათ შენიშვნა მისცა და განმარტა, რომ ეს პოლიციელებისთვის დამამცირებელი და დამცინავი ტერმინია.
ასევე ნახეთ „არ ვიცოდი, პოლიცია მაკავებდა თუ კრიმინალებმა გამიტაცეს“ - პოლიცია სამოქალაქო ტანსაცმლით“ეს პიროვნებები დავინახე ჩიხში რომ მივდიოდით, მანდვე, ზევით ადიოდნენ. ჩვეულებრივი ჯინსები და ქურთუკები ეცვათ. “კი, ეგ არის, ჩასვით”, - ამბობდნენ პოლიციელები. ერთ-ერთმა, სანამ გაიქცეოდა, ნიღაბი შეისწორა და ისე აედევნა რატის და ოთოს. პოლიციელები რომ იყვნენ, არ უთქვამთ. მანქანას წინ რომ გადავუდექით, გვითხრეს, თქვენც ხომ არ გინდათ [რატის და ოთარს] გვერდით მიუსხდეთო და მაშინვე გაგვწიეს”, - ამბობს თვითმხილველი პროცესზე.
სასამართლოზე სამივე მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ ტყემალაძე და კვარაცხელია პარლამენტთან შეამჩნიეს ნიღბებით და ზანდუკელამდე გაჰყვნენ, სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის დროს კი ისინი გაქცევას შეეცადნენ. მოწმე პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მათი ნაწილი ამბობდა, რომ ჯგუფად გაჰყვნენ ბრალდებულებს, ერთ-ერთმა კი თქვა, რომ მარტო მიჰყვებოდა მათ.
კითხვაზე, რატომ არ გააჩერეს რატი და ოთარი პარლამენტთანვე და რატომ გაჰყვნენ ზანდუკელის ქუჩამდე, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ პარლამენტთან მათი გაჩერება საფრთხის შემცველი იყო და შეიძლება ამას აქციის მონაწილეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული გამოეწვია - “ბევრჯერ მინახავს, რაებს ისვრიან აქციის მონაწილეები და შეიძლება ხელი შეეშალათ”.
პოლიციელებს ასევე არ ახსოვდათ, დაკავების მომენტში პირებს ნიღბები ეკეთათ თუ არა.
ამასთან, ტყემალაძე და კვარაცხელია პოლიციამ წაიყვანა ჰიუნდაის მარკის მანქანით, რომელსაც სტანდარტული ქართული სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მისი ნომერი იყო M.040717.
როდესაც ადვოკატები მოწმეებს ამ მანქანის შესახებ ეკითხებოდნენ, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა მათ აჩერებდა და ეუბნებოდა, რომ დრო ამოეწურათ. ასე მოხდა სამივე მოწმის დაკითხვის შემთხვევაში.
მარიამ მაღრაძემ 19 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ პოლიციელებს სხვა ადამიანების დაკავება ჰქონდათ მიზნად, ეძებდნენ მანიფესტანტს, რომელსაც ჰქონდა ფეიერვერკი და ამ მიზნით აედევნენ ტყემალაძესა და კვარაცხელიას რუსთაველის ტერიტორიიდან ზანდუკელამდე.
“რამდენიმეჯერ გამიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ მე ვისროლე ფოიერვერკი. მე დავუდასტურე, რომ არ მისვრია, თუმცა მაინც რამდენიმეჯერ გამიყვანეს. მაჩვენეს რაღაც ვიდეოც, რომელშიც სხვა პიროვნება ისროდა [ფოიერვერკს] და მიმტკიცებდნენ, რომ მე ვიყავი. ამ პიროვნებას საერთოდ სხვა ჩანთა ეკეთა და სხვა ქოლგაც ჰქონდა. ოთახიდან რომ გამოვედი, მე და რატის თვალებში ლაზერს გვანათებდნენ, გვეუბნებოდნენ, კარგია ჩვენ რომ გვანათებთო?!” - ამბობს 18 წლის ოთარ კვარაცხელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ომბუდსმენის ცნობით, 18 იანვარს დაკავებულების ნაწილი პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფასა და ძალის გადამეტებაზე ჰყვება.
ასევე ნახეთ 18 იანვარს დაკავებულების ნაწილი პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფასა და ძალის გადამეტებაზე ჰყვება - ომბუდსმენი“გადაწყვეტილება არის უკანონო, არანაირი მტკიცებულებები არ ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, თითქოს რატის და ოთოს ნიღბები ეკეთათ. არცერთ მათგანს აქციაზე ნიღაბი არ ეკეთა. მას შემდეგ, რაც ბიჭებმა გაიგეს, რომ ისინი პოლიციელებმა დააკავეს და არა “ტიტუშკებმა”, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ - ეს შსს-ს მოწმეებმაც აღნიშნეს”, - ამბობს ადვოკატი მარიამ მაღრაძე სხდომის შემდეგ.
18 იანვარს, 20:30 საათზე, ფილარმონიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია იმავე დღეს დაკავებულთა სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად სახეები დაიფარეს. ამ საპროტესტო აქტში მრავალი - სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული - ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეები სახეს ნიღბებით, კაშნეებით, „ბალაკლავებით“ თუ პირბადეებით იფარავდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.
დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან - ზანდუკელის ქუჩიდან - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა უცხოური ნომრის მქონე მანქანით წაიყვანეს ორი დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია.