პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიულოცა ტრამპს გაპრეზიდენტება

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპს მიულოცა ოფიციალურად გაპრეზიდენტება. პუტინმა ილაპარაკა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მოსკოვის მზაობაზე, უკრაინის ომის საკითხის გარშემო.

პუტინმა დადებითად შეაფასა ტრამპის პოზიცია, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აეწყოს და ესკალაცია უნდა აღიკვეთოს.

"ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ არჩეული [ტრამპის] და მისი გუნდის წევრების განცხადებებს მათ სურვილზე, აღდგეს პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან - რომელიც მიმავალი ადმინისტრაციის მიერ გაწყდა ჩვენი ბრალეულობის გარეშე", - განაცხადა პუტინმა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება. წყაროთა ცნობებით, საუბრის მიზანი, მათ შორის, იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპის გუნდი იუწყებოდა ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადებაზეც.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, ვაშინგტონის დროით დღის 12 საათზე (თბილისის დროით საღამოს 9 საათი), 20 იანვარს.

პირველად 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ინაუგურაციაზე მიიწვიეს უცხოეთის სახელმწიფოთა ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა ასევე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა ცერემონიაზე ჩინეთი წარმოდგენილი იქნება მისი მოადგილის, ჰან ჩჟენის მიერ. უწინ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას მხოლოდ ჩინეთის ელჩები ესწრებოდნენ ხოლმე. ჰან ჩჟენი უკვე შეხვდა მომავალ ვიცე-პრეზიდენტს, ვენსს.

ასევე ნახეთ ვაშინგტონი დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადება

რუსეთი ინაუგურაციის ცერემონიაზე არ იქნება წარმოდგენილი.

საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.