ნიღბის ტარებისა და დაუმორჩილებლობისთვის გურამ მაცხონაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს

გურამ მაცხონაშვილი

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და რეჟისორი, რომელიც 18 იანვარს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა, კანონდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით: მანიფესტაციების წესების დარღვევა (174-ე პრიმა) და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე).

გურამ მაცხონაშვილს დემონსტრაციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვის საწინააღმდეგო აქციაში ნიღაბი ეკეთა და ასე ცდილობდა პროტესტის გამოხატვას. პოლიციელის შეფასებით, ის არღვევდა მანიფესტაციების შესახებ კანონს.

„პოლიციელმა უთხრა, რომ ნიღაბი ჩამოეწია. ჩამოიწია ნიღაბი, უთხრა, რომ არ ემორჩილება მოთხოვნას და აიწია“, - თქვა სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმემ, პოლიციელმა გიორგი ტაბატაძემ, რომელიც ამავე უწყებიდან იღებს ხელფასს.

გურამ მაცხონაშვილის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ პატარიძე იცავდა. მან სხდომაზე მოწმედ მიიყვანა თამარ ხელაძე, რომელიც მაცხონაშვილის მსგავსად აქციაზე იმყოფებოდა:

„დაკავებულმა რამდენჯერმე ჩამოიწია ნიღაბი, მისთვის პირადობა არავის მოუთხოვია“.

გურამ მაცხონაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მისთვის არალეგიტიმურია:

„რადგან მე არ ვაღიარებ პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ დანიშნულებს... კანონიერი არ ნიშნავს მორალურად სწორს. ჩემი მრწამსი და შეხედულებები უპირველესია და იმავეს გავაკეთებდი სხვა შემთხვევაშიც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მგონია თანამიმდევრულობა ჩვენი მხრიდან... ჩემი ქცევა ეძღვნებოდა ორ კონკრეტულ აქტივისტს ზუგდიდში“.

სხდომის დასრულების შემდეგ მან ისევ გაიკეთა ნიღაბი.

გურამ მაცხონაშვილის თქმით, ის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

„თემქის პოლიციასთან“ შაბათს, 18 იანვარს, ექვსი ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყვნენ: გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. ყველა მათგანი ნიღბის ტარების აკრძალვის დაკანონებას აპროტესტებდა.

ასევე ნახეთ თემქაზე დაკავებულ რეჟისორ მაცხონაშვილს განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ - მეგობრები

იმავე დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან - ზანდუკელის ქუჩიდან - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს ორი დემონსტრანტი: რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია. მოგვიანებით, შსს-ში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით.

ასევე ნახეთ „სხვების დაკავება უნდოდათ და, როგორც ჩანს, აერიათ“ - ზანდუკელის ქუჩაზე დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს

პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეორე კი - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას.