20 იანვარს სასამართლო სხდომაზე ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს ეს ზიანიც. საპროცესო შეთანხმების საკითხი 13 იანვრის სხდომაზე გაჟღერდა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2 წელი და 6 თვე გაუხდათ. აქედან მსჯავრდადებულებს 1,5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, შესაბამისად ორივე მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს 14 მაისს “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე 400-ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა. ზიანი, რომელიც უწყებას მიადგა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 400 ლარია - აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის საფასურია, 150 ლარი კი მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა.
187-ე მუხლის, რომლის მიხედვითაც ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დღემდე პატიმრობაში რჩებიან, გამკაცრების გადაწყვეტილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მარტის აქციების შემდეგ მიიღო. მანამდე სასჯელის მაქსიმალური ვადა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო.
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები თბილისში აპრილ-მაისში იმართებოდა. მასშტაბური დემონსტრაციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებდა, მმართველმა პარტიამ ის მაინც დაამტკიცა.