ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა თეირანში სასამართლოს შენობის გარეთ მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური, რადიო ფარდა იუწყება. დაშავებულია კიდევ ერთი მოსამართლე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა, სანამ დააკავებდნენ. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს.
მსროლელი, წინასწარი მონაცემებით, არ იყო სასამართლოს ვიზიტორი და უზენაეს სასამართლოში არანაირი საქმე არ ჰქონია.
მოკლული მოსამართლეები არიან მოჰამად მოგისე და ალი რაზინი. საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ცნობით, ისინი სპეციალიზებული იყვნენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასა და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებაზე.
როგორც "ფარდა" აღნიშნავს, მოგისე ბევრი პოლიტპატიმრის საქმეს აწარმოებდა და ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან ჰქონდა კავშირი, რის გამო აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. რაზინი კი 1998 წელს გადაურჩა ტერორისტულ თავდასხმას, მის ავტომობილში ბომბი აღმოჩნდა. იმხანად იგი თეირანის მთავარი მოსამართლე იყო.
ასევე ნახეთ რუსეთმა და ირანმა "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმებას მოაწერეს ხელი