მოსალოდნელი უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შენობაში, კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება

საილუსტრაციო ფოტო: დონალდ ტრამპის ინაუგურაციის სამზადისი

მოსალოდნელი სარეკორდო ცივი ამინდის გამო არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით გაიმართება. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობა მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

"ამიტომ მე გავეცი განკარგულება, რათა საინაუგურაციო სიტყვა, სხვა ლოცვისა და სიტყვების კვალდაკვალ, წარმოვთქვა აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდაში, რომელიც 1985 წელს რონალდ რეიგანმა გამოიყენა ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო. სხვადასხვა მაღალი რანგის პირსა და სტუმრებს კაპიტოლიუმში მიიყვანენ. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო სანახაობა ყველასთვის, განსაკუთრებით ტელეაუდიტორიისთვის", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს ორშაბათს, 20 იანვარს, ვაშინგტონის დროით შუადღისას დადებს. მეტეოროლოგების თქმით, ამ დღეს ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

"ამინდის პროგნოზის თანახმად, ვაშინგტონში ტემპერატურამ, ქარის ცივი ინდექსის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწიოს. არ მინდა, რომ ვინმემ რაიმე სახით დაშავდეს ან დაზიანდეს", - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ინაუგურაციაზე, გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, მიწვეულნი არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, - რომელიც დაესწრება ღონისძიებას;

  • მიწვეულია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მისი ადმინისტრაციის თქმით, თუკი პრემიერის დღის წესრიგი საშუალებას მისცემს, იგი დაესწრება ინაუგურაციას;
  • მიწვეულია სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე; ასევე, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა, თუმცა დადასტურებული არ აქვთ, რომ დაესწრებიან.
  • ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან: პოლონეთის ყოფილი პრემიერი მატეუშ მორავიეცკი, ბრიტანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჟი.
  • ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია, - ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 9 იანვარს დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან, რათა 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ - კობახიძე ტრამპის ინაუგურაციაზე წამსვლელებზე