ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ, რომელიც, კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ყველა სფეროს, მათ შორის "თავდაცვას, კონტრტერორიზმს, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას" მოიცავს.
2001 წელს ირანის პარლამენტმა რუსეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ძალაში იყო 20 წლის განმავლობაში და 2021 წელს ამოიწურა.
შეთანხმება ითვალისწინებდა ავტომატური გაგრძელების მექანიზმს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თუ მხარეები არ წავიდოდნენ მისი გაგრძელების წინააღმდეგ. ირან-რუსეთის შეთანხმება გაგრძელდა 2026 წლამდე. "მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებული შეთანხმება მოძველებულია და ვერ მოიცავს ურთიერთობების თანამედროვე ასპექტებს. ჩვენი დღევანდელი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმასთან შედარებით, რაც 24 წლის წინ იყო და ამიტომ გადაწყდა ამ შეთანხმების განახლება ლიდერებთან კონსულტაციით", - აღნიშნა ირანის ელჩმა რუსეთში ქაზემ ჯალალიმ. ელჩმა აღნიშნა, რომ ახალ პროექტში განსაზღვრულია "ამბიციური მიზნები", ხოლო თავად შეთანხმებას ირანელმა დიპლომატმა "რევოლუციური" უწოდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის იარაღის მარაგების მეოთხედზე მეტის რუსეთისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ბიზნესმენი ჰოსეინ შამხანი, ნავთობის მაგნატი და აიათოლა ხამენეის მრჩევლის შვილი. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ასეთი მიწოდების დეტალების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ხელისუფლებების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებოდა.
ასევე ნახეთ ირანელი გენერალი: რუსეთი არასწორ ინფორმაციას გვაწვდიდა სირიაში