ისრაელის სამხედრო კაბინეტმა ჰამასთან ზავს დაუჭირა მხარი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 33 მძევლის გათავისუფლება უკვე კვირას, 19 იანვარს არის შესაძლებელი.

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა ხმა მისცა ზავს პალესტინურ დაჯგუფება ჰამასთან, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.

ახლა შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის მთავრობამ. მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღესვე მიიღებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 33 მძევლის გათავისუფლება უკვე კვირას, 19 იანვარს არის შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც მთავრობა შეთანხმებას დაამტკიცებს, გამოქვეყნდება შეთანხმების პირველ დღეს გასათავისუფლებელი იმ პალესტინელი პატიმრების სიები, რომლებიც მძევლებზე უნდა გაცვალონ.

ასევე ნახეთ ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს

დღეს, უფრო ადრე, ისრაელის მედიამ გამოაქვეყნა სია 33 ადამიანისა, რომლებსაც, გარიგების პირველი ეტაპის ფარგლებში, სავარაუდოდ ისრაელში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე გაცვლიან. ისრაელი თვლის, რომ სიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ცოცხალია, მაგრამ მძევლების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს ისლამისტურმა ჯგუფებმა დაახლოებით 250 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. გარიგების დროს, 2023 წელს პირველი გაცვლის ფარგლებში 105 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰამასის ტყვეობაში ასამდე ადამიანი რჩება. 30-ზე მეტი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.