ლევან იოსელიანი: რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის, ამას უნდა შეეგუოთ

ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ აქციას, რომელზეც მას უწოდეს „რეჟიმის დამცველი“, რადგან ვერ დაინახა პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მიმართ „სისტემური წამება“ და „არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულებები“.

მის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „პოსტვის" ეთერში ჩართვის გამოც.

„მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე...

დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - წერს ლევან იოსელიანი.

დღეს, 17 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გაიმართა.

დემონსტრანტებმა ადგილზე მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე ეწერა: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი - რეჟიმის დამცველი“. აქციაზე მიიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი მტკიცებულებებიც, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ლევან იოსელიანმა ბოლო პერიოდში ორი განცხადება გააკეთა:

  • მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება;
  • აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა.
ასევე ნახეთ „რეჟიმის დამცველი“ - სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს. მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.

პროევროპული აქციების მოთხოვნაა ასევე აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გადაღებული აქვთ მედიასაშუალებებს. ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დასჯილი.