Guardian: რუსმა დიპლომატებმა ბრიტანეთის პარლამენტში უცხო პირებისთვის დახურულ ნაწილში შეაღწიეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობა ლონდონში

რამდენიმე რუსმა დიპლომატმა, რომლებიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ექსკურსანტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ, ლორდთა პალატის შენობაში შეაღწია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს პარლამენტში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

პარლამენტის შენობის ამ ნაწილში უცხო პირების შესვლა აკრძალულია. რუსი დიპლომატები შენობიდან დაცვის სამსახურმა გააძევა.

ინციდენტი, რომლის შესახებაც ბრიტანულმა გამოცემამ 16 იანვარს დაწერა, შობის წინ მოხდა. გაერთიანებულ სამეფოში შობა 25 დეკემბერს აღნიშნეს.

Guardian-ის წყაროს თანახმად, როგორც ჩანს, რუს დიპლომატებს უბრალოდ, სურდათ კრემლის წინაშე თავის მოწონება იმით, რომ „ბრიტანეთის პარლამენტში შეაღწიეს”. როგორც გამოცემა წერს, რუსი დიპლომატები რაიმე ზიანის მიყენებამდე გამოიჭირეს.

ინციდენტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატების წევრებს გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი, რომ რუსი დიპლომატები პარლამენტის შენობაში კერძო წესითაც კი არ უნდა მიიწვიონ.

Guardian-ის თანახმად, გაურკვეველია რუსი დიპლომატები ექსკურსიაზე პარლამენტის რომელიმე თანამშრომელმა ან დეპუტატმა მიიწვია, თუ თავად იყიდეს ტურისტებისთვის განკუთვნილი ბილეთები.

ასევე ნახეთ უკრაინამ და ბრიტანეთმა პარტნიორობის შეთანხმებას 100 წლის ვადით მოაწერეს ხელი

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლონდონს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ შეუწყვეტია, 2022 წლის მარტიდან რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებული. თავის დროზე ეს წერილობითაც აცნობეს რუსეთის ელჩს.

პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორივე პალატის სპიკერებმა აკრძალვა კიდევ ერთხელ შეახსენეს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს.