ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე გაფფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე, სამტრედიაში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს.
მანამდე, 11 იანვარს, იგი ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგაც ხუთი დღე სამტრედიის დაკავების იზოლატორში გაატარა.
თემურ ქათამაძის მეორედ დაკავების კადრები ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” წევრმა აკაკი გვიანიძემ გაავრცელა ფეისბუქზე.
იგი მას იზოლატორთან ხვდებოდა, რა დროსაც პოლიციამ ხელმეორედ შეიყვანა განყოფილებაში.
აკაკი გვიანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქე, “ჩვენებურია”. მისივე თქმით, იგი მუჰაჯირების შთამომავალია და, სავარაუდოდ, "საემიგრაციო ამბების გამო" დააკავეს ხელმეორედ.
აკაკი გვიანიძე ასევე ავრცელებს კიდევ ერთ ვიდეოს, რომელშიც გაფფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე ამბობს, რომ უკანონოდ აკავებენ და რომ მისი საქართველოდან დეპორტაცია, თუკი ასეთი რამ მოხდება, უკანონო იქნება.
"ეს არის უკანონო დაკავება. არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი დაკავების და გაძევების. საქართველოს კანონმდებლობით, მე ვერ გამაძევებენ, იმიტომ რომ საქართველოში ჩემს შესახებ მიმდინარეობს სასამართლო, ჩემი მოქალაქეობის შესახებ. თუ ჩემი დეპორტირება მოხდება, ეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოხდება, სხვანაირად არა", - თქვა მან იზოლატორში შესვლამდე.
რადიო თავისუფლება საქმეზე კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი განცხადება, მიღების შემთხვევაში, აისახება ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ ბათუმში დააკავეს საპროტესტო აქციის ათამდე მონაწილე, მათ შორის “გაზეთ ბათუმელების” დირექტორი
11 იანვარს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მზია ამაღლობელი პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.