ის პოსტს აქვეყნებს მეუღლის, ოლგა ობრაზცოვას ფეისბუკზე და მოქალაქეებს მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის.
„მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის“, - წერს ის.
მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო „სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი“.
„მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს“.
„მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება“, - წერს იგი.
დამატებით კითხვებს არც ის და არც მისი მეუღლე ჯერჯერობით არ პასუხობენ.
ლაშა გაბიტაშვილის პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლება აბუ-დაბიში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.
ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაცია გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით გაავრცელა სამოქალაქო აქტივისტმა ნენსი ვოლანდმაც.
ასევე ნახეთ აბუ-დაბიში ნაცემი გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა გამოკითხულებსაც - წყაროპარალელურად, წყაროს ცნობით, პოლიციიდან უშვებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას; წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა.
წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.
ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
რადიო თავისუფლება კვლავ ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.