ისრაელმა ჰამასი შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა

საილუსტრაციო ფოტო: დემონსტრაცია მძევალთა გათავისუფლების მოთხოვნით

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ჰამასი (აღიარებულია როგორც ტერორისტული დაჯგუფება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) დაადანაშაულა იმაში, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების თაობაზე წინა დღეს მიღწეული შეთანხმებების რიგი დებულებების გადახედვას ცდილობს.

"ჰამასი არღვევს შეთანხმებებს და ბოლო წუთს ქმნის კრიზისს", - აცხადებენ ნეთანიაჰუს ოფისში. ამის გამო ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა გადადო ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც შეთანხმებების დამტკიცება უნდა მომხდარიყო. "ისრაელი მინისტრთა კაბინეტის სხდომების თარიღს არ დანიშნავს, სანამ შუამავლები არ გამოაცხადებენ, რომ ჰამასმა შეთანხმების ყველა დეტალი დაამტკიცა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ჰამასის მაღალჩინოსანმა იზატ ალ-რეშეკმა "როიტერსს" განუცხადა, რომ ჯგუფი ერთგულია სამშვიდობო შეთანხმებისა, რომლის ტექსტიც წინა დღეს შუამავლების მონაწილეობით შეთანხმდა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ისრაელი და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ისრაელის მთავრობისგან დადასტურების შემთხვევაში, 19 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ისრაელის მინისტრთა კაბინეტს გადაწყვეტილებას დღეს, 16 იანვარს, უნდა მიეღო.

ასევე ნახეთ ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს
  • ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა დეტალს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. ცნობილია, რომ შეთანხმება 3-ეტაპიანია. ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზა 42 დღეზეა გათვლილი და ამ პერიოდში ისრაელის არმიის სამხედროებმა თანდათან უნდა დატოვონ ღაზის სექტორი და იქ ყოველდღიურად უნდა შეუშვან რამდენიმე ასეული სატვირთო ავტომანქანა ჰუმანიტარული დახმარებით.
  • ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰამასმა პირველ ეტაპზე 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 90-ზე მეტი მძევალი, რომელთაგან 30-ზე მეტი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს.