ვიდეოკადრებში ისმოდა გინება და ჩანდა ფიზიკური ძალადობაც. ერთ-ერთ პირს ეჭირა ბეისბოლის ჯოხიც. „TV პირველმა“ რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება შეძლო.
მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სწორედ იმ ადგილზე, სადაც კონფლიქტი მოხდა, არის თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, „კონფლიქტის ინიციატორები“ კი მათი თანამშრომლები არ ყოფილან.
გუშინ, 15 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყო საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომელიც 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გაფიცვის მთავარი მოთხოვნები იყო ახალი არჩევნების ჩატარება და პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
გაფიცვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ესხმოდნენ თავს უცნობი პირები გაფიცვაში მონაწილე ადამიანებს.
ასევე ნახეთ თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ ადამიანებს უცხო პირები თავს დაესხნენმოგვიანებით რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
გაფიცვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სტრატეგიულ ობიექტებს არ შეუძლიათ პროტესტში ჩართვა და მუშაობის გაჩერება, თუმცა ამ უფლებით ისარგებლა ასეთი კომპანიების თანამშრომლების ნაწილმაც. მაგალითად, გაფიცულთა შორის იყვნენ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ბანკის: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები.
ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით იმართება მრავალრიცხოვანი აქციები.