მუქარის და ასევე ჰომოფობიური შინაარსის შემცველი ხმოვანი შეტყობინება შშმ პირმა ბ.ჯ.-მ ფეისბუკის პირად შეტყობინებაში მიიღო:
„ბ....ი, დაანებე შენ გათხოვილი კაცების აქციას თავი. დაანებე თავი, თორემ ტაძარშიც არ მიგიშვებენ მოძღვრები მერე“, - ამბობს თაზო ფაცაცია ხმოვან შეტყობინებაში.
26 წლის ბ.ჯ. აფხაზეთიდან დევნილია. ის ზუგდიდში დედასთან და ნათესავებთან ერთად ცხოვრობს. შშმ პირი ყოველდღიურად დადის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეების უმრავლესობასთან მეგობრობს.
ბ.ჯ.-მ თაზო ფაცაციას მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინება 16 იანვარს აქციის მონაწილეს, პარტია „ახლის“ წევრ მაია კალანდიას გაუზიარა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, შშმ პირმა მანამდეც უთხრა მემუქრებიანო, მაგრამ სარწმუნოდ არ მიიჩნია. დარწმუნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმოვანი შეტყობინება მოისმინა.
მაია კალანდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის გზავნილი თავის ფეისბუკის გვერდზე გაასაჯაროვა და შშმ პირზე მუქარის გამო მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
თაზო ფაცაცია მობოდიშებას არ აპირებს, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, შშმ პირისგან ყოველდღე იღებს შეურაცხმყოფელ და გინების შემცველ შეტყობინებებს, რასაც შესაბამისად უპასუხა. ირწმუნება, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, მათ შორის მაია კალანდია, ბ.ჯ.-ს იყენებენ მის წინააღმდეგ:
„შშმ პირობა არ არის ადამიანების მიმართ ლანძღვის, გინების, შეურაცხყოფის ინდულგენცია. მე ვითვალისწინებ იმას, რომ ის შშმ პირია, მაგრამ არასდროს გავითვალისწინებ იმას, ვინც მის ზურგს უკან დგას. ზუსტად იმიტომ მივწერე, რომ იმ ადამიანებს გადასცეს... ეს ჩანაწერი გავაგზავნე ზუსტად იმიტომ რომ მენახა, ვინ დგას მის ზურგს უკან, ვინ აგზავნინებდა მას ამ შეტყობინებებს. ბ.ჯ. თვითონ არ არის მოწოდებული, რომ სხვას შეურაცხყოფები მიაყენოს. ხომ გამოჩნდა, რომ მაია კალანდია დგას მის ზურგს უკან... შშმ პირის ექსპლუატაციას ვინც ეწევა, ის ადამიანები უნდა დაკიდონ ფეხით“, - თქვა თაზო ფაცაციამ.
თავის მხრივ მაია კალანდია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ახლის” თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ თაზო ფაცაციაზე სასაუბროდ მრავალი ტრიბუნა აქვს და საამისოდ არავის გამოყენება არ სჭირდება. კალანდია „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნას, შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობად აფასებს:
„ეს ბრალდება არ ჯდება არანაირ ლოგიკაში - როგორ შეიძლება მე გამოვიყენო ბ.ჯ.?, ის თავად არის იმ განწყობაზე, რასაც გამოხატავს. ის 24 საათი აქციაზე დგას. განა მე მომყავს? - აქციის მონაწილეების სახლებში დადის და ყველას ეკონტაქტება. რაში მჭირდება ვინმეს გამოყენება?. მერიდება?, რესურსი არ მაქვს?. აი რაში მჭირდება ეს?... გარდა შშმ პირზე მუქარისა, თაზო ფაცაციას მესიჯში არის ბევრი სხვა უბედურებაც - პირველი: ეუბნება გათხოვილ კაცებთან ნუ დგახარო, მეორე: ემუქრება ეკლესიის სახელით, რომ ეკლესიაში არ შეგიშვებენო. ეს არაფერში არ ჯდება. ზღვარგადასულები არიან „ქართული ოცნების“ წევრები, ადამიანობადაკარგულები“, - თქვა მაია კალანდიამ.
შშმ პირის თქმით, შეეშინდა და ამიტომაც გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება მაია კალანდიას: “გაბრაზებულიც ვიყავი. მითხრა, გათხოვილ კაცებთან ერთად არ იაროო… მოძღვარი არ შემიშვებს ტაძარში? მე ამის შემეშინდა”.
მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრის მუქარა გასაჯაროვდა, შშმ პირს მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. ბ.ჯ. ამბობს, რომ უკვე აღარ ეშინია, რადგან ბევრმა ადამიანმა დაურეკა და გაამხნევა: “მთელი ზუგდიდია გაგიჟებული ამაზე… იცის იმან [თაზო ფაცაციამ], რომ წაგებულია… ჩემი ნებაა აქციაზე დავდგები თუ არა”, - ამბობს ის.
სამოქალაქო აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას, საკრებულოს წევრის მხრიდან ჰომოფობიური განცხადებები არ უკვირს. მეტიც ის გაცილებით ადრე ელოდა მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან საზოგადოებისთვის მგრძნობიარე ლგბტ და რელიგიური თემების გამოყენებით აქციის მუხტის განელების მცდელობებს.
"ეს თემები საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა და დისკრედიტაციისთვის იყენებენ...რელიგიას რაც შეეხება, ჩვენ არავის ვაგინებთ და არც არავისთვის გვიგინებია. ვიბრძვით დემოკრატიული ღირებულებებისთვის", - თქვა ცაბუნია ვართაგავამ.
სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი განცხადებებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ჩაახშობს პროტესტს.
რადიო თავისუფლება საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ საკუთარი ინიციატივით დაიწყეს ამ საქმის შესწავლა. კომენტარზე უარი განაცხადეს იმ მიზეზით, რომ ჯერ-ჯერობით დეტალებს ეცნობიან.
თვეზე მეტია ზუგდიდში, ქვეყნის სხვა დიდი ქალაქების მსგავსად საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ მოქალაქეები. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიური გახდა. მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა. პროტესტი გაამწვავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა თაზო ფაცაცია სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას აკეთებს. 2019 წელს, მას მოუწია ბოდიში მოეხადა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის თინა ბოკუჩავასადმი სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.
ასევე ნახეთ თინა ბოკუჩავას ბოდიში მოუხადესმაშინ თაზო ფაცაცია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “თინა ბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში “დამამთავრებინა”, ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო” - ეს პოსტი თაზო ფაცაციამ მას შემდეგ აიღო თავისი ფეისბუკგვერდიდან, რაც მედიასა და საზოგადოებაში მკაცრი რეაქცია მოჰყვა.