მათე დევიძის სასამართლო სხდომას ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.
წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. პროკურატურამ ისევ პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი - გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები, რომლებსაც „არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა“.
„არ არსებობს პატიმრობის გარდაუვალი აუცილებლობა. ეს არის უმკაცრესი ზომა. გამოძიება უკვე დასრულებულია. ის საფრთხე, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას, არ არსებობს, არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, არ არსებობს ამის საკმარისი მტკიცებულება.
ასევე ნახეთ ანრი, მათე, საბა, ანატოლი და სხვები - რას ედავებიან პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს?სასამართლოს ვთხოვ, გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, ასაკი და ცხოვრების წესი, რომ ის არის ახალგაზრდა მუსიკოსი. გაითვალისწინოს, რომ აღარ არსებობს პატიმრობის საფუძველი და შეცვალოს გირაოთი, იმსჯელოს პასპორტის მოქმედების შეჩერებაზე“, - თქვეს ადვოკატებმა.
მათე დევიძე პატიმრობაში გახდა 21 წლის. მან სასამართლო სხდომაზე თქვა:
„გიტარა მენატრება, პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს შემთხვევაში პატიმრობა ყველაზე მკაცრია, არ ვიმსახურებ ამას“.
დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმ ქმედების ჩადენის დღეს, რომლის გამოცაა დაკავებული, იგი 20 წლის იყო. შესაბამისად, მასზე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლითაც განრიდებაა შესაძლებელი.
განრიდება არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, ანუ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს არასრულწლოვანს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ააცილოს მას ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
2024 წლის 22 ნოემბერს მოსამართლემ მათე დევიძისთვის წინასწარ პატიმრობის შეფარდების საკითხის განხილვას 25 წუთი დაუთმო.
ასევე ნახეთ არსებობს მექანიზმი, რომელიც მათე დევიძეს პატიმრობას აარიდებს?