აბუ-დაბიში ნაცემი გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა გამოკითხულებსაც - წყარო

გამოკითხვები დასრულდა - მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

აბუ-დაბიში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.

პარალელურად, პოლიციიდან უშვებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას; წყაროს ცნობით, ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა.

წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.

მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ოფიციალურ სტრუქტურებთანაც.

ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდიც.

ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

„გამოკითხვა“

წინა საღამოს საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამბობდა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები აგრძელებდნენ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარის შესწავლას.

საელჩოში აცხადებდნენ: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“.

ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ რადიო თავისუფლებას 14 იანვარს უთხრა: „ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“.

ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ 13 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და თქვეს, რომ „ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს“.

მას შემდეგ ისინი საჯაროდ აღარ გამოჩენილან.

ზარქუამ და სანიკიძემ ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.

რა მოხდა

აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.

ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ ასევე მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.

საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. კადრში ჩანს, რომ თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე საუზმობს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.

ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.

შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.

„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.

ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს.

ასევე ნახეთ საამიროებში საელჩო და საგარეო არ ამბობენ, სად არიან ზარქუა, სანიკიძე და სხვები