ქვა გეჭირაო - პროევროპული აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ შსს მათ დაჯარიმებას ითხოვს

ფოტო პროევროპული აქციიდან

პროევროპული აქციების მონაწილეები, რომლებიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მათი სამართალდარღვევის შესახებ მასალებს სასამართლოში გზავნიან. ეს ნიშნავს, რომ პოლიცია ითხოვს მათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობას.

„გალავანზე ვაბრაგუნებდი მაგ ქვით - უსაშისესი დამნაშავე ვარ... არაფერზე იდარდოთ. აყვავებული ეკონომიკის ფარგლებში ფული მიაკლდათ და ჩვენგან უნდათ ჯარიმებით ამოღება. სულ ესაა ამბის თავი და ბოლო“, - დაწერა სოციალურ ქსელში სალომე კვარაცხელიამ, რომელიც 12 იანვარს თბილისში გამართული პროევროპული აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს იუმორისტ ონისე ოქრიაშვილსაც. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მასაც იმავეს ედავებიან - აქციაზე ქვის ფლობას.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. სავარაუდოდ, პროევროპული აქციების მონაწილეებს პოლიცია ედავება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევას, რომლითაც აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ „იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“. რა იგულისხმება ასეთ საგნებში, კანონში დაკონკრეტებული არ არის. ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარია.

აქამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსამართლეები პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. შესაბამისად, დემონსტრანტების უმრავლესობა დააჯარიმეს, 40-ზე მეტი ადამიანი კი პატიმრობაშია.

დღეს, 16 იანვარს, უკვე 50-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2023 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

პროევროპული აქციების მოთხოვნაა ასევე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.