აზერბაიჯანში ჯერ მაკა ბოჭორიშვილი მიემგზავრება, შემდეგ კი ირაკლი კობახიძე

მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვევიან.

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს 16 იანვარს ეწვევა, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი - 17 იანვარს. სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

საგარეო უწყების მიერ 16 იანვარს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ამ რანგში დღეს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ის შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

„მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას“, - წერს საგარეო უწყება.

ირაკლი კობახიძის 17 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ, აზერბაიჯანში თავისი ვიზიტის შემდეგ იქაურ მედიასთან საუბრისას.

ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში 17 იანვარს გაემგზავრება, რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში 15 იანვარს დაუდასტურეს. ვიზიტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

გივი მიქანაძის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის გაერთიანებული ეკონომიკური კომისია შეიკრიბება, რათა „განიხილონ კონკრეტული საკითხები 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით“.

მიქანაძემ Caliber.az-თან ინტერვიუში ასევე ისაუბრა აზერბაიჯანთან საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალი.

„ჩვენ ასევე მიზნად ვისახავთ, განვავითაროთ თანამშრომლობა აზერბაიჯანთან საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირების სფეროში და ვაფართოებთ ბათუმისა და ფოთის პორტების შესაძლებლობებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ანაკლიის პორტში ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობაა, რომელსაც ტვირთების გადაზიდვის გაცილებით დიდი პოტენციალი ექნება. იქ ჩასვლას უფრო დიდი გემები შეძლებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ყველა დონეზე იყოს მხარდაჭერილი“.

ასევე ნახეთ ზოგიერთი შურით და უკმაყოფილებით უყურებს საქართველო-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობას - „ოცნების“ დეპუტატი მიქანაძე

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთ-ერთია იმ ლიდერებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ მიულოცეს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.