ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, რასაც დადასტურება სჭირდება ისრაელის მთავრობისგან. სააგენტო Reuters-ის წყაროს ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტილებას დღეს, 16 იანვარს, მიიღებს.
კატარის პრემიერ-მინისტრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა, რომ მრავალთვიანი ინტენსიური დიპლომატიის შედეგად, ისრაელმა და ჰამასმა 15 იანვარს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას.
ბაიდენის თანახმად, შეთანხმება შესაძლებელს გახდის ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მშვიდობიანი პალესტინელებისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და მძევლების ოჯახებში დაბრუნებას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევით შეთანხმება მიღწეულია არა მხოლოდ ჰამასზე დიდი ზეწოლის, არამედ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის და ირანის დასუსტების შედეგადაც.
ასევე ნახეთ ამოქმედდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა დეტალს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. ცნობილია, რომ შეთანხმება 3-ეტაპიანია. ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზა 42 დღეზეა გათვლილი და ამ პერიოდში ისრაელის არმიის სამხედროებმა თანდათან უნდა დატოვონ ღაზის სექტორი და იქ ყოველდღიურად უნდა შეუშვან რამდენიმე ასეული სატვირთო ავტომანქანა ჰუმანიტარული დახმარებით.
ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰამასმა პირველ ეტაპზე 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 90-ზე მეტი მძევალი, რომელთაგან 30-ზე მეტი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს.
- ისრაელმა ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
- პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. ასეულობით ათასი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
- 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები. ისინი ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.