მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა

ფოტოკოლაჟი: მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და გიორგი გახარია

„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავის თანაგუნდელზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ გიორგი გახარია დაესხა თავს დიტო სამხარაძეს, მან კი „თავი დაიცვა“.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ეს ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ეს ასეა, უმძიმესი მუხლია (სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლი)... შენ რომ ესხმი თავიდან, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივია, თუნდაც თავდაცვის მიზნით, თავს ხო არ გაალახინებ, თავი უნდა დაიცვა“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ჟურნალისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მას გუშინ ღამით „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ასევე ნახეთ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები

ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ასევე ნახეთ ექიმის ცნობით, გიორგი გახარიას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს
ასევე ნახეთ ძალადობრივი თავდასხმა ივანიშვილის მიერ იყო ორკესტრირებული - გახარიას პარტია