ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები

ზვიად ქორიძე

ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს, მის თანახმად ბათუმში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები. ინციდენტი 14 იანვარს, ღამით მოხდა სასტუმრო „შერატონში”.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ზვიად ქორიძეს თვალის მახლობლად აქვს დაზიანება, რომლის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.

ქორიძემ ჟურნალისტებს უამბო, რომ სასტუმროს ფოიეში მასთან მივიდა ერთ-ერთ მაგიდასთან, სუფრაზე მყოფი პირი, რომელიც გიორგი მანველიძედ გაეცნო, ახალი წელი მიულოცა და სასმელი შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უპასუხა, რომ, სამწუხაროდ, არ სვამს, მაგიდასთან დაბრუნდა.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის შემდეგ ფოიეში ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ჯერ სუფრასთან მივიდა, შემდეგ კი მასთან:

„მეუბნება, რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული… შეიგინა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. მე ჩვეულებრივად გავატარე ეს გინება. მერე მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, მერე შემოვიდა ისევ და დაიწყო ყვირილი: რა თქვი შენ ქოცებზე? ვის აგინებ შენ? მე ვუთხარი, ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ. გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას. აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის. რომ დავინახე, აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში. ამ დროს რაღაც ნივთი, რომელიმე მათგანმა დამარტყა. სათვალე მთლიანად დაიმსხვრა”.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, გიორგი მანველიძემ ისროლა კერამიკის ქოთანი, რომელშიც მიწა იყო: „არ ვიცი, საგანგებოდ, არ ვიცი, ნებით ამაცილა”. ჟურნალისტის თანახმად, მის მიმართ იყო მუქარაც.

ზვიად ქორიძე შემთხვევის ადგილიდან სასტუმროს დაცვამ გაიყვანა, რის შემდეგაც ნომერში დაბრუნდა, დაახლოებით ოც წუთში კი კოლეგებისგან შეიტყო, რომ სასტუმროში თავს დაესხნენ გიორგი გახარიასაც.

ასევე ნახეთ ექიმის ცნობით, გიორგი გახარიას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს

14 იანვარს „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

დიმიტრი სამხარაძე საქართველოს მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან” და დეპუტატია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

სამხარაძე ცნობილია სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით. გიორგი მანველიძე აჭარის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.

ასევე ნახეთ მტკიცებულებაა, რომ ამ ქმედებების უკან დიმიტრი სამხარაძე დგას - საიას თავმჯდომარე