ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიაში აჩვენეს რადიო თავისუფლების დაპატიმრებული ჟურნალისტი

ანდრეი კუზნეჩიკი

ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა ONT-მ გადაიღო პროპაგანდისტული ფილმი, რომელშიც ნაჩვენები არიან რადიო თავისუფლების დაპატიმრებული ჟურნალისტები, რომლებსაც ბრალად ედებათ, რომ ისინი "ბელარუსში ხანძრის გაჩენას" ცდილობდნენ.

14 იანვრის საღამოს არხმა აჩვენა ფილმის პირველი ეპიზოდი ბელორუსული სამსახურის ჟურნალისტ ანდრეი კუზნეჩიკზე, იუწყება რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური. სერიის ბოლოს გამოცხადდა ანონსი - ეპიზოდი იჰარ ლოსიკის შესახებ. კვირის განმავლობაში გეგმავენ კიდევ ერთი გადაცემის ჩვენებას ჟურნალისტ იჰარ კარნეის შესახებ. უფლებადამცველების მიერ ისინი ყველანი პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული.

კუზნეჩიკი გადაიღეს ციხის პირობებში, სავარაუდოდ, მინსკში, კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ანდრეი, რომელსაც ქურთუკი აცვია და ქუდი ახურავს, მშვიდად საუბრობს, მაგრამ დაღლილი ჩანს. სიუჟეტის ბოლო კადრებში ჩანს, როგორ მიჰყავს იგი ბადრაგს.

რადიო თავისუფლება მისდევს პოლიტიკას, არ მოიტანოს ციტატები განცხადებებიდან, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაშია მოპოვებული დაკავებული ადამიანებისგან.

ჟურნალისტი 2021 წლიდან იმყოფება ციხეში. ის თავდაპირველად წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ასევე ნახეთ ბელარუსში მშობლებს, რომლებიც ლუკაშენკას უპირისპირდებიან, ბავშვებს ართმევენ

2022 წლის 8 ივნისს მოგილიოვის რაიონულმა სასამართლომ მას 6 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. დახურული სასამართლო პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა, საქმის გარემოებები უცნობია.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი დააკავეს 2020 წლის 25 ივნისს დილით, ბარანოვიჩში, საკუთარ სახლში. მას ბრალი ედებოდა მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ასევე სიძულვილის გაღვივებაში. 2021 წლის 14 დეკემბერს სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში, დახურულ სხდომაზე, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2023 წლის მარტში სასამართლომ რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის შტატგარეშე ჟურნალისტს იჰარ კარნეის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის ბრალდებით. დეკემბერში მას სასჯელი გაუხანგრძლივეს, ჟურნალისტს ბრალად წაუყენეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისადმი ურჩობაში.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს გამართულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გამარჯვებულად ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში ათიათასობით ადამიანი დააპატიმრეს რეჟიმის მიმართ ნებისმიერი წინააღმდეგობის გამოხატვისთვის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი უმრავლესობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ვინაიდან შიშობდნენ თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლების გამო.

დასავლეთის ბევრმა მთავრობამ უარი თქვა, ეღიარებინა არჩევნების შედეგები და ისინი ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად.

მრავალმა ქვეყანამ სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა ლუკაშენკას რეჟიმს ქვეყანაში სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ რეპრესიების გამო.