აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, 44 წლის ომის ვეტერანი პიტ ჰეგსეთი 14 იანვარს წარდგა მოსმენაზე აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე. ჰეგსეთის შესახებ აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ყოფილ სამხედრო ვეტერანსა და ტელეწამყვანს უნარი შესწევს, იყოს პენტაგონის ახალი ძლიერი ლიდერი. დემოკრატები კი ეჭვქვეშ აყენებენ მისი კანდიდატურის სისწორეს და მიუთითებენ მთელ რიგ გარემოებებზე, რომლებიც, მათი აზრით, ჩრდილს აყენებს პოტენციურ თავდაცვის მინისტრს. ესაა ჰეგსეთის გამოუცდელობა, მის მიერ წინათ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრებები არმიაში ქალების სამსახურის შესახებ, ბრალდებები ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და სექსუალური ხასიათის შევიწროების შესახებ.
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა როჯერ უიკერმა ჰეგსეთი ტრამპს შეადარა და მას „შესანიშნავი კანდიდატი“ უწოდა.
ამის საპირისპიროდ, ამავე კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა სენატორმა ჯეკ რიდმა ჰეგსეთს „ხასიათი და კომპეტენცია“ დაუწუნა პენტაგონის ხელმძღვანელობისთვის. მისი „დამტკიცება შეურაცხყოფა იქნება იმ მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებმაც დადეს ფიცი, რომ აპოლიტიკურ ვალს მოიხდიან კონსტიტუციის წინაშე,“ თქვა რიდმა.
თავის გამოსვლაში პიტ ჰეგსეთმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მის მიმართ ტრამპის უპირველესი მოთხოვნაა „თავდაცვის სამინისტროში მებრძოლი კულტურის დაბრუნება“. მისი თქმით, მისი მიზანია, პენტაგონი ფოკუსირებული იყოს ბრძოლის წარმოებაზე, ლეტალურობაზე, მერიტოკრატიაზე, სტანდარტებსა და მზადყოფნაზე“.
მოსმენის განმავლობაში რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავრობა გააკრიტიკეს არმიაში მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის. მათი თქმით, არმიაში არ არის ადგილი „ვოუკ“ კულტურისთვის, რასაც ეთანხმება ჰეგსეთიც.
მმართველ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილების არქონა, რასაც დემოკრატები ნაკლად უთვლიან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, რესპუბლიკელთა აზრით, მისი პლუსია. „დროა, საჭე ეპყრას იმას, ვისაც ფეხსაცმელებზე მტვერი ადევს (საბრძოლო გამოცდილება აქვს. - რედ.),“ თქვა ჰეგსეთმა სენატორების წინაშე გამოსვლისას.
თუმცა, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ის არ იქნებოდა პირველი თავდაცვის მინისტრი საბრძოლო გამოცდილებით. Associated Press-ი ჩამოთვლის რამდენიმე ასეთ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მათ შორის პენტაგონის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს, რომელიც ერაყის პირველ ომში მონაწილეობდა.
დემოკრატმა სენატორებმა ჰეგსეთს მწვავე შეკითხვები დაუსვეს არმიაში ქალების მონაწილეობის შესახებ. მას შეახსენეს გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ არმიაში, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე, ქალების როლი ხელოვნურად არის გაზრდილი და რომ ეს უნდა შეიცვალოს. ამავე დროს სენატორებმა მას ბრალად წაუყენეს, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპმა ის თავდაცვის მინისტრის კანდიდატად დაასახელა, მან თავისი პოზიცია შეცვალა.
ჰეგსეთმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში ის ქალებსა და უმცირესობებს სამართლიანად მიუდგება, მაგრამ გადახედავს სამხედრო სტანდარტებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს გენდერს ან რასას.
„ჩემი პატივი იქნება, თუ მომეცემა შესაძლებლობა, ვიმსახურო თქვენ გვერდით, მხარდამხარ, მამაკაცებისა და ქალების, შავებისა და თეთრების, ყველა წარმომავლობის, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებს,“ თქვა კანდიდატმა, როცა ჰკითხეს, რას ეტყოდა ქალებს, რომლებიც ამჟამად მსახურობენ ჯარში. „თქვენ სამართლიანად და ღირსებით, პატივითა და პატივისცემით მოგეპყრობიან,“ დასძინა ჰეგსეთმა.
სენატის კომიტეტში მოსმენაზე სენატორებს ჰეგსეთის კრიტიკისას ხშირად მოჰყავდათ ციტატები მისი წიგნიდან „ომი მეომრების წინააღმდეგ: რა დგას იმ კაცების ღალატის მიღმა, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას იცავენ“. თავის დასაცავად მინისტრობის კანდიდატმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მისი არასწორად ესმოდათ, ზოგჯერ კი შეეცადა შეერბილებინა წიგნში და საჯარო გამოსვლებში ადრე გაკეთებული სადავო განცხადებები.
ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ?როცა სატელევიზიო გამოსვლებსა და თავის წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებსა და სენატის კომიტეტში წარმოთქმულს შორის სხვაობაზე მიუთითეს, ჰეგსეთმა თქვა, რომ „წიგნის დაწერა განსხვავდება თავდაცვის მინისტრის სამუშაოსგან“.
ჰეგსეთმა არ უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგებოდა თუ არა დონალდ ტრამპს, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი უკანონო ბრძანებას გასცემდა.
„მე უარვყოფ იმის დაშვებას, რომ პრეზიდენტი ტრამპი საერთოდ გასცემს რაიმე უკანონო ბრძანებებს,“ თქვა მან.
სენატორმა სლოტკინმა მას მიუთითა იმაზე, რომ ეს არ არის ჰიპოთეზური ვითარება და რომ მსგავს სიტუაციაში იყო, მაგალითად, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი, რომელიც შეეწინააღმდეგა ტრამპს და დაარწმუნა ის, რომ სამხედროები არ გაეგზავნა სახალხო მღელვარების დასაცხრობად 2020 წელს.
ჰეგსეთმა არ უპასუხა არც იმას, როგორ მოიქცეოდა, პრეზიდენტ ტრამპისგან რომ მიეღო ბრძანება გრენლანდიაში, კანადაში ან პანამაში ჯარების გაგზავნის თაობაზე. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა რამდენჯერმე თქვა, რომ აშშ-ისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გრენლანდიისა და პანამის არხის კონტროლს.
ჰეგსეთს ბრალს სდებდნენ, რომ მან სექსუალურად იძალადა ქალზე, რომელიც 2017 წელს გაიცნო. ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანხმობა ორმხრივი იყო.
სამშაბათს მოსმენაზე მან არაერთხელ გაიმეორა: „საქმე სრულად იყო გამოძიებული და მე სრულად გამამართლეს“.
ჰეგსეთმა აღიარა, რომ მეუღლეს ღალატობდა და რომ სამართლიანი იქნებოდა მისთვის „სერიული მოღალატის“ წოდება, მაგრამ თქვა: „ჭეშმარიტად შევიცვალე [მეუღლე] ჯენისა და ჩემი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მეშვეობით“ და დასძინა, რომ ის ახლა სხვა ადამიანია.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა პიტ ჰეგსეთი ნოემბერში წარადგინა. ის მსახურობდა ავღანეთში, ერაყსა და გუანტანამოს ყურეში, თუმცა თავდაცვის პოლიტიკაზე მუშაობის მხრივ გამოცდილება არა აქვს. 2021 წელს ის არმიიდან წამოვიდა და თქვა, რომ პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო ჩაგრავდნენ. ჰეგსეთი აქამდე კონსერვატიული საკაბელო არხის, Fox News-ის კომენტატორი იყო.
მისი პოლიტიკური პოზიციების შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა ჰეგსეთს ნატო არაერთხელ გაუკრიტიკებია.
„რატომ უნდა უსმინოს ამერიკამ, ევროპელების სასწრაფო დახმარებამ წინა საუკუნეში, თვითკმაყოფილ და იმპოტენტ ერებს, რომლებიც გვთხოვენ ვადაგასული და ცალმხრივი თავდაცვის შეთანხმების პატივისცემას, რომლებსაც თავად ზურგი აქციეს?“, - წერს ჰეგსეთი თავის წიგნში.
სამშაბათის მოსმენით სენატში დაიწყო ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენების სერია. ეს პროცესი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის, 20 იანვრისთვის უნდა დასრულდეს.
როგორც ვარაუდობენ, ჰეგსეთის დამტკიცება ყველაზე უფრო რთული იქნება, მაგრამ ვინაიდან რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ფლობენ, სავარაუდოდ, დემოკრატების წინააღმდეგობის პირობებშიც შეძლებენ მის დამტკიცებას.