მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
სისხლის სამართლის საქმე პროევროპული აქციების 45 მონაწილის წინააღმდეგ არის აღძრული, მათგან 40-ზე მეტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) - ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ არტყამს სილას მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ასევე ნახეთ რა ვიცით მოსამართლეზე, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.
48-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.