ზუგდიდის აქციაზე “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს

აქცია ზუგდიდში. 13 იანვარი, 2025 წელი

ზუგდიდში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მანამდე მან პიროტექნიკა გამოიყენა.

უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკლავის ტარებისთვის.

ასევე ნახეთ ზუგდიდში თავსაბურავის ტარების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად მიიჩნიეს

ადგილზე იმყოფება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ აკრავს საპროტესტო სტიკერებს წარწერით: “გაფიცვა -15 იანვარი. 15:00 -18:00”.

ელენე ხოშტარიას სიტყვებით, პოლიცია ემორჩილება ["ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს] ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს, ხალხს აჯერებს, რომ სტიკერების გაკვრა და ე.წ ბალაკლავის ტარება კანონდარღვევაა, რაც ასე არ არის.

როგორც ხოშტარია აცხადებს, ბრძოლა გაგრძელდება, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად. ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება - ელენე ხოშტარიასა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროს გურამ ზესაშვილს შორის.

დაპირისპირების დროს, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე მანანა მიქავა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ამ წუთებში სიტუაცია განიმუხტა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები.