ფიცო ზელენსკის შეხვედრას სთავაზობს გაზის ტრანზიტის განხილვისთვის

რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსეთის გაზის მიწოდების საკითხზე სამსჯელოდ ორი ქვეყნის სასაზღვრო სივრცის რაიონში შეხვედრა შესთავაზა. ეს შეთავაზება გამოთქმულია ფიცოს ღია მიმართვაში, რომელიც ფეისბუკით გამოქვეყნდა.

ფიცო თვლის, რომ ამგვარი შეხვედრა "შექმნის კარგ პირობებს ღია საუბრისთვის სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნებისთვის უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის მიწოდებაზე".

ფიცოს სიტყვებით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას დიდი ზიანი მოაქვს საკუთრივ უკრაინისთვის, ასევე სლოვაკეთისთვის და განსაკუთრებით - ევროკავშირისთვის. "ეს იწვევს არაერთმნიშვნელოვან რეაქციას, რაც ხელს არ უწყობს არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ ურთიერთობებს", - ამბობს ფიცო.

მოგვიანებით ზელენსკიმ ფიცოს წერილს უპასუხა და სლოვაკეთის პრემიერს პარასკევს კიევში ჩასვლა შესთავაზა.

რუსეთის გაზის უკრაინის გავლით ექსპორტი 1 იანვარს შეწყდა - ამ დღეს გაუვიდა ვადა სატრანზიტო კონტრაქტს რუსეთსა და უკრაინას შორის. სლოვაკეთი უკრაინისგან შეთანხმების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

რობერტ ფიცო გამოვიდა მუქარით, რომ საპასუხო ზომებს გაატარებს - მათ შორის, შესაძლოა, კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების შემცირებით, სლოვაკეთში უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის შეწყვეტით ან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაჩერებით.

სლოვაკეთს აქვს ალტერნატიული წყაროები გაზის მიღებისთვის, მაგრამ ფიცო ამბობს, რომ მისი ქვეყანა ტრანზიტის შემოსავალს კარგავს.

ასევე ნახეთ სლოვაკეთის ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა რუსეთთან დაახლოების პერსპექტივა