კიევი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის დატყვევებული სამხედროები მას სარგებლიან ინფორმაციას აწვდიან

კადრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც, კიევის თანახმად, ასახავს დატყვევებულ ჩრდილოკორეელ სამხედროებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ორ ჯარისკაცს, რომლებიც რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაატყვევეს, კვლავ დაკითხვას უტარებენ და კიევი მზადაა, ისინი გაცვალოს უკრაინელ ტყვეებში, თუკი ამგვარი გაცვლის ორგანიზატორი იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

13 იანვარს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში HUR-ის წარმომადგენელმა იევჰენ იერინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა დატყვევება კიევს "ბევრ სარგებლიან შესაძლებლობას" უჩენს. მას მერე, რაც ფხენიანის ძალები რუსეთის მხარეს ბრძოლაში ჩაერთნენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიევი ჩრდილოკორეელ ტყვეებზე აცხადებს.

"ინფორმაცია, რომელსაც ამ ინდივიდებისგან მოვიპოვებთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპერატიული დაზვერვისთვის, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რუსეთის სამხედრო ქმედებებში ჩრდილოეთ კორეის არმიის მონაწილეობის გამოსავლენად", - ამბობს იერინი.

ორი დაჭრილი ჯარისკაცის დატყვევებაზე 11 იანვარს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ეს ცნობა ჯერჯერობით არც მოსკოვს და არც ფხენიანს არ დაუდასტურებიათ.

ასევე ნახეთ უკრაინის მიერ დატყვევებულ, სავარაუდოდ, ფხენიანის სამხედროზე დოკუმენტი გაცემულია ტუვის მკვიდრის სახელზე