უკრაინული დრონების სამიზნე ენგელსის ნავთობის ბაზაზე მეექვსე დღეა ხანძარს აქრობენ

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მეექვსე დღეა აქრობენ ნავთობის საცავზე უკრაინული დრონებით 8 იანვარს განხორციელებული შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დღეს, 13 იანვარს, დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით „სამრეწველო საწარმოზე“ მოხერხდა „ღია წვის ლიკვიდაცია”. რას ნიშნავს ეს, ბუსარგინი არ აკონკრეტებს. გუბერნატორის თანახმად, მუშაობა გრძელდება.

სარატოვის ოლქის გუბერნატორი ისევ არ აკონკრეტებს „სამრეწველო საწარმოსაც”.

8 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ენგელსში იერიში მიიტანეს ნავთობის ბაზაზე, „კომბინატ კრისტალზე", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამ აეროდრომზე რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

9 იანვარს ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ასევე ნახეთ დრონებით დარტყმის შემდეგ მეორე დღეა იწვის რუსეთის ქალაქ ენგელსის ნავთობის ბაზა

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის ბაზებს.