ბათუმში პოლიციამ დააკავა ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე და საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე

ელენე ხოშტარია. ბათუმი, 12 იანვარი, 2025.

“სტიკერის ასფალტზე გაკვრის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები. არაფრის გამო. გუშინდელი რეპრესიები დღესაც გრძელდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ციალა ქათამიძემ.

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის (წარწერით „გაიფიცე!“) დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ მას არ მისცა. ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, როგორ ადებს ხოშტარია სტიკერს ერთ-ერთ პოლიციელს.

პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი კირთაძე, რომელიც, აქციის მონაწილეების თქმით, ხოშტარიას დახმარებას ცდილობდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხოშტარიასთან და კირთაძესთან ერთად, დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე. პოლიციამ ასევე დააკავა ლუკა ნაცვლიშვილი, ლევან ხორავა, კახა სურგულაძე, ელიზბარ ჩხიკვაძე. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ასევე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე.

"ესენი არიან მონები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად ემსახურებიან კრემლს“, - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ, ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა.

„სტიკერების გაკვრისას დაიჭირეს ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ეს არის რუსული მილიცია, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ლეთოდიანმა.

ასევე ნახეთ "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული

განახლება: 13 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები ხოშტარია და კირთაძე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდნენ მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები. მათ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად დაწერილი აქვთ განცხადება მანდატზე უარის შესახებ.

ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად აცხადებენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.