აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ რამდენიმე დღეში ან კვირაში გაიმართოს - უთხრა მედიასაშუალება ABC-ს კონგრესმენმა მაიკ უოლცმა, რომელიც ტრამპმა თავის მრჩევლად შეარჩია ეროვნული უშიშროების საკითხებში.
უოლცის თქმით, ეს საუბარი იქნება პირველი ნაბიჯი ტრამპის და პუტინის სამიტისკენ, რომლისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.
"ჯერ არ განგვისაზღვრავს შეხვედრის ზუსტი სტრუქტურა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ", - ასე უპასუხა კონგრესმენმა კითხვას, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უოლცის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანია ფრონტზე ვითარების სტაბილიზაცია. უოლცი დასძენს, რომ აშშ-ის სურვილია, ცეცხლი "ნებისმიერ მომენტში" შეწყდეს, სანამ მოლაპარაკების გამართვაზე დაიწყებოდეს მუშაობა. "ყველაფერი რაიმე დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს", - თქვა კონგრესმენმა.
"ეს არის ადამიანების და რესურსების საკეპი მანქანა, მესამე მსოფლიო ომის შედეგებით", - თქვა უოლცმა ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის შეფასებისას.
ამასთან, უოლცის თანახმად, ტრამპი აღიარებს დაკავებული ტერიტორიებიდან რუსეთის სრულად გასვლის გეგმების არარეალისტურობას, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.
უკრაინას და რუსეთს უოლცის ინტერვიუზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.
მანამდე ზელენსკი ამბობდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისთვის მოსკოვმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს 1991 წლის საზღვრების მიღმა. კრემლი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გამართვისთვის აუცილებელია დღევანდელი რეალობის გათვალისწინება.
კრემლის თანახმად, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო მოლაპარაკების ორგანიზებაზე ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.
შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს მოლაპარაკებას, თუკი ლიდერები შესაბამისი თხოვნით გამოვლენ.
ასევე ნახეთ შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს უმასპინძლოს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას