როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ხეების მოჭრა შეჩერდა დეპარტამენტის წარმომადგენლების სიტყვიერი ბრძანების შემდეგ.
უწყებამ კომპანიისგან, რომელიც ხეებს ჭრიდა, მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებული უნდა იყოს მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ხეების მოჭრა.
ასევე ნახეთ ასწლოვან ხეებს ჭრიან ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის ეზოშიყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ასწლოვანი ხეების მოჭრა 12 იანვარს დილით დაიწყო.
მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის ხე და კედარი. ადგილზე მყოფი მუშები ამბობდნენ, რომ ხეების მოჭრა ძველი სკოლის დანგრევის და ახლის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და, რომ მათ შესაბამისი ნებართვა ჰქონდათ მიღებული.
ხეების ჭრას აპროტესტებენ ადგილობრივები. სამოქალაქო აქტივისტის და ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის ნიგა გურინის თქმით, მათ არავინ აუხსნა, რატომ გახდა ხეების მოჭრა აუცილებელი.
რადიო თავისუფლებას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა უთხრა, რომ ხეები სკოლის მშენებლობის ფარგლებში იჭრებოდა.