ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა "ღრმად შემაშფოთებელია" და პარტნიორებს აქვთ "მკაფიო ერთობა" "ქართული ოცნების" "სამწუხარო ქმედებების" წინააღმდეგ.

საქართველოს შესახებ მან ილაპარაკა პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"რასაც ვხედავთ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. ეს არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლაა, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან უკანდახევა. იმ მისწრაფებებისგან, რომლებიც აშენებს ისეთ მომავალს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.

ჩვენ ვნახეთ ეს უკუსვლა, ვნახეთ მთავრობის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა იმ ხალხის მკაფიო სურვილს, ვისზეც ამტკიცებენ, რომ მათ წარმოადგენენ. ვნახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ვნახეთ რეპრესიული ქმედებები მთავრობის მხრიდან იმ ხალხზე, რომელიც ცდილობს ილაპარაკოს თავისუფლად, ღიად", - თქვა ბლინკენმა.

მისივე სიტყვებით, საპასუხოდ, მათ დაასანქცირეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე მთავრობის სხვა წევრები, ამერიკული დახმარება შეუჩერეს საქართველოს ხელისუფლებას.

"ვფიქრობ, თქვენ ხედავთ მკაფიო ერთობას მიზნის მისაღწევად აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე ნახეთ აშშ-ის კონგრესში დღეს წარადგენენ “ქართული ოცნების” მთავრობის არაღიარების აქტს - FOX News

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.

ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიას, ანუ სანქციადაკისრებულთა სიას. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.

შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ასევე ნახეთ „სანქციები - ეს მხოლოდ დასაწყისია!“ - ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან

42-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებამ გაამძაფრა პოლიტიკური კრიზისი, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.