უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10 იანვარს დაიწყებს განცხადებების მიღებას უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსისთვის. კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, გამოსცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს, უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.

უზენაეს სასამართლოში ამ ეტაპზე 27 მოსამართლეა. ამ ინსტანციაში უკვე 26 უვადო მოსამართლეა და 26-ვე „ქართული ოცნების“ დანიშნულია.

განცხადების შეტანა 2025 წლის 31 იანვრამდეა შესაძლებელი. მეორე ეტაპი განცხადებების გადარჩევაა, შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესთავაზებს საქართველოს პარლამენტს, რომლის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გამო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება ხალხმრავალი აქციები.

უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა - უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

2019, 2021 და 2024 წლებში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეები პარლამენტმა რამდენიმე ეტაპად დაამტკიცა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - სამი.