ირაკლი კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საარჩევნო პროცესებში რუსეთის საგარეო ჩარევის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, მაკრონმა უკრაინას „მიხედოს“.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე - ეს არის განადგურებული უკრაინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამოქალაქო საზოგადოება და იმ მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეები, რომლებიც ყოველდღე იკრიბებიან პარლამენტთან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს საერთაშორისო საზოგადოებასაც.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა ათასობით ადამიანი - სამხედროები, სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები.

ემანუელ მაკრონმა გუშინ, 6 იანვარს, საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“ და ასევე „ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“. ამ კონტექსტში ისაუბრა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე:

„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე - საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, არჩევნების გაყალბებით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“.

ასევე ნახეთ საქართველოში ვნახეთ რუსეთის მზარდი აგრესია არჩევნების დესტაბილიზაციის გზით - მაკრონი

გუშინვე საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელ X-ში ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერა:

„ვინაიდან ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლების მებრძოლებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცევს, ის აფასებს დემონსტრანტების და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას საქართველოში, ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შესაძლოა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“.

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი საფრანგეთის პრეზიდენტისა და ელჩის განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია, რომლიდან კარგი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარება იქნება.

„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში მან.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხმრავალი აქციები იმართება - დემონსტრანტები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ცნობენ ამ არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „საქართველოში ყველაფერი არის კარგად“, ევროპის ქვეყნებში კი პოლიტიკური კრიზისია.

შენიშვნა: თავდაპირველ ვერსიაში, - რომელიც ფრანგული ტელეარხის, France 24-ის ინგლისურენოვან თარგმანს ეყრდნობოდა, - მაკრონის ციტატა საქართველოზე ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: „საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“. სინამდვილეში, ფრანგულად მაკრონმა თქვა: „საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, არჩევნების გაყალბებით“.