რუსეთმა 29 დეკემბერს გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი დასახლება დაიკავა უკრაინის დონეცკის რეგიონში - იმ ფონზე, როცა განაგრძობს სვლას სტრატეგიული, თუმცა თითქმის განადგურებული სამხრეთის ლოგისტიკური ცენტრისკენ - პოკროვსკისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა ძალებმა დაიკავეს ნოვოტროიცკოეს დასახლება, რომელიც 16 კილომეტრითაა დაშორებული პოკროვსკიდან და რომელშიც ომამდე 6300-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის არმიას კონკრეტულად ნოვოტროიცკოეს შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა თქვა, რომ რუსეთის ძალებმა 29 დეკემბერს, ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათისთვის, 133 შეტევა განახორციელეს უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პოკროვსკის არეალში.
ბრიტანეთის დაზვერვა 15 დეკემბერს აცხადებდა, რომ რუსეთის ძალებს წინსვლა აქვთ პოკროვსკიდან სამხრეთით, თუმცა ბუნდოვანია, რა იქნება კრემლის ძალების შემდეგი ნაბიჯები.
აშშ-ში განთავსებული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) ადგილზე მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის არმიას 10 კილომეტრი აშორებს სასაზღვრო ზოლს დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებს შორის.
"[რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი შესაძლოა ზეწოლას ახორციელებდეს რუსეთის არმიის სარდლობაზე საზღვრისკენ წინსვლის ბრძანებით, ამ პერიოდში პოკროვსკის დაფარვის გარეშე", - ვკითხულობთ ინსტიტუტის ანგარიშში.
მძიმე შეტაკებების შესახებ ცნობები ვრცელდება რუსეთის კურსკის რეგიონიდანაც, სადაც უკრაინის ძალები მიმდინარე წელს დაკავებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად იბრძვიან.
ასევე ნახეთ ზელენსკი ფიცოს აკრიტიკებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო