ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია

ბენჟამინ ჰადადი, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მუქარა, რომ დააკავებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელი და არათავსებადია ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივასთან“

მინისტრი/, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებსაც ეხმაურება და ფიქრობს, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყდეს.

„საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს", - წერს ბენჟამინ ჰადადი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ მან პრეზიდენტის რეზიდენცია “ფანჩატურად აქცია” და, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს.

კობახიძე ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, - „ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ციხეში ჩაჯდება თუ არა

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე არ იტყვის, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი მას რეზიდენციაში დარჩენას ურჩევს და ფიზიკური დაცვის პირობას აძლევს.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართება.