გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაშალა - ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაშალა და ვადამდელი არჩევნების თარიღად 23 თებერვალი გამოაცხადა. ფოტო: ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ბერლინი, ბელვიუს სასახლე. 23 დეკემბერი

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაშალა ქვეყნის პარლამენტი - ბუნდესტაგი - და საკანონმდებლო ორგანოს ახალი, ვადამდელი არჩევნების დღედ, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაზღვრა 23 თებერვალი.

შტაინმაიერმა თქვა, რომ ახალი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორი გზაა. მან პარტიებს წინასაარჩევნო ბრძოლისას ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული კამპანიისკენ მოუწოდა. სიძულვილს და ძალადობას მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, თქვა მან.

პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მისცენ იმის შეგნებით, რომ მათი ხმა გადამწყვეტი იქნება. შტაინმაიერმა გაფრთხილება გამოთქვა გარედან გავლენის თაობაზე.

გერმანიის კანცლერს პარლამენტში 16 დეკემბერს გამოუცხადეს უნდობლობა, რასაც მოჰყვა კოალიციის დაშლა და საბოლოოდ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ბუნდესტაგის დაშლა ფორმალური აქტია - პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს, იანვარსა და თებერვალში კვლავ გაიმართება მორიგი სხდომები. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს გერმანიის მთავრობაც.

ასევე ნახეთ შოლცმა უარყო მასკის განცხადება, რომ "გერმანიის ხსნა" მხოლოდ მემარჯვენე რადიკალურ AfD-ს შეუძლია